რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “ორხეველი მანიაკის” სახელით ცნობილი მიხეილ აზალაძე, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სააპელაციო სასამართლომ გასული წლის ზაფხულში გაათავისუფლა, რამდენიმე დღის წინ კი გორში არასრულწლოვნის(12 წლის გოგონა) ადევნების ფაქტზე დააკავეს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა უკვე.
- როგორც AMBEBI.GE-ს აზალაძის ადვოკატი უყვება, ბრალდებულმა არ უარყო არასრულწლოვანთან კომუნიკაცია, თუმცა ადევნების ბრალდებას უარყოფს.
“ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს, უკვე ოფიციალურად წარედგინა ბრალი, სასამართლოს წინაშე წარდგენა უკვე იყო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე და პატიმრობაში იმყოფება. ბრალი წარდგენილი აქვს ერთი მუხლით – სსკ-ის 151 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც ადევნებას გულისხმობს. რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ამბობს რომ აღნიშნულ პირთან კომუნიკაცია ჰქონდა, კომუნიკაციას არ უარჰყოფს, თუმცა “ადევნების” ფორმულირებას არ ეთანხმება და შესაბამისად, ოფიციალურად წარდგენილ ბრალს უარყოფს. მისი თქმით, პირთან კომუნიკაციაში იყო, მაგრამ ეს არ იყო ადევნება. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია აპრილის მეორე ნახევარში”, – განაცხადა ადვოკატმა დავით ჯალალმა, რომელიც მიხეილ აზალაძეს სახაზინო წესით იცავს.
ცნობილია, რომ 19 წლიანი პატიმრობის შემდეგ აზალაძის გათავისუფლება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის კოლეგიამ მიიღო
აზალაძის უმძიმესი დანაშაულების ქრონიკა
“ორხეველი მანიაკი” წლების წინ აზალაძეს სამართალდამცველებმა შეარქვეს. ის არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა. პირველად ციხეში 2004 წლის მარტში მოხვდა სოციალური მუშაკის, გია ბრიტულიჩის განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ბრიტულიჩის ცხედარი მკვლელის სახლში, თბილისში, ჩანტლაძის ქუჩაზე აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ის მსხვერპლს ჯერ არყით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ყელი გამოსჭრა. ჩადენილი მკვლელობის შესახებ აზალაძემ პოლიციას მას შემდეგ აცნობა, რაც “გვამის სუნმა შეაწუხა”. პირველი ინსტანციის სასამართლომ აზალაძეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ადვოკატებმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს – აზალაძე ამას ვერ ჩაიდენდა, მარჯვენა ხელზე არც ერთი თითი არა აქვსო. ადვოკატის პოზიცია ექსპერტიზის დასკვნითაც გამყარდა. დასკვნაში ეწერა, რომ ის დანას ხელში ვერ დაიჭერდა. საბოლოოდ სასამართლომ დაცვის პოზიცია გაიზიარა და აზალაძე გაამართლა, მაგრამ ვინაიდან გვამი მის ბინაში აღმოჩნდა, დანაშაულის დაფარვისთვის გაასამართლეს და პირობითი სასჯელი აკმარეს.
ციხიდან გათავისუფლებულმა აზალაძემ ნავთლუღის ბაზარში ვაშლით ვაჭრობა დაიწყო. პოლიციის ცნობით, 2008 წლის 25 მარტის საღამოს ის მეგობრის შვილს, ვასიკო მეცხვარიშვილს შეხვდა, შინ მიიპატიჟა და არყით გაუმასპინძლდა. მერე რაღაცაზე აუშარდა და მოკლა. აზალაძემ დანაშაულის დაფარვის მიზნით მეცხვარიშვილს თავი და მკლავები მოაჭრა, სხეულის ნაწილები პარკში ჩადო და ნაგვის ურნაში ჩაყარა, ტანი კი დილაადრიანად კორპუსის წინ ჩაიტანა, ზედ საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, თვითონ სახლში დაბრუნდა, იქაურობა მოაწესრიგა და მშვიდად დაიძინა. დილის 9 საათზე სახლიდან გასული აზალაძე სამართალდამცველებმა თბილისში, რუსთაველზე დააკავეს. მაშინ მიხეილ აზალაძე 109-ე მუხლით გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
გარდაცვლილის ძმა, ტრისტან მეცხვარიშვილი თავის ჩვენებაში ჰყვებოდა: “ვიცნობდი აზალაძეს და ვიცოდი, რომ მას მანიაკური თვისებები ჰქონდა. მართალია, მარჯვენა ხელზე თითები არა აქვს, მაგრამ ამ ხელს ის ძალიან კარგად ხმარობს. ჩემი თვალით მინახავს, სწორედ იმ დაზიანებული ხელით დანას როგორ ხმარობდა. ციხიდან პირველი ვასიკო გამოვიდა, აზალაძე იქ დარჩა, მაგრამ დაახლოებით 6-8 თვის შემდეგ, როცა ისიც გამოვიდა, ჩემს ძმას გორში ჩამოაკითხა. სახლში ვაქეიფეთ და სამი დღე ჩვენთან დარჩა. ამის შემდეგ ისინი თბილისში წამოვიდნენ და ნავთლუღის ბაზარში ვაჭრობდნენ. მათთან ერთად ვაჭრობდა ვიღაც ვახოც, თუმცა, მას შემდეგ, რაც აზალაძემ საკუთარ ძმას ფული მოჰპარა, ვახო და ვასიკო მას ჩამოსცილდნენ. იფიქრეს, ძმას ფულს ჰპარავს და არც ჩვენ დაგვინდობსო”..ნახეთ “კვირის პალიტრის” საარქივო მასალა “ორხეველი მანიაკის” შესახებ




