„ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეამცირა, სწორი გადაწყვეტილებაა“ – აკაკი ცომაია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განმარტებით, გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად მიიღეს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა გაზრდილია.
კერძოდ, საკვები ნედლეულის საერთაშორისო ფასები ბოლო რამდენიმე თვეა შესამჩნევად იზრდება, რაც ინფლაციურ რისკებს შეიცავს. ამავდროულად მცირედით მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებამაც.
ეკონომიკის დოქტორის, აკაკი ცომაიას შეფასებით, სწორედ ამ ზრდადი ფასების პირობებში, მიუხედავად ინფლაციის დაბალი ნიშნულისა, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება ბევრად სწორი გადაწყვეტილებაა, ვიდრე მისი შემცირება.
„სავარაუდოდ, არის მოლოდინი, რომ საერთაშორისო ბაზრებზე, ნედლეულზე ფასები იზრდება, ეს აჩენს რისკს, რომ საქართველოში იმპორტი გაძვირდეს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე ნიშნულზე დაბალია ინფლაციის ტემპი ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ უცვლელად დატოვოს რეფინანსირების განაკვეთი. ეს რამდენად სწორია, რთული შესაფასებელია; რადგან ჩვენთვის უცნობია, მომავალში რა შეიძლება მოხდეს ან რამდენად დიდ გავლენას მოახდენს ეს საქართველოს იმპორტზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთზე დამოკიდებულება იზრდება და პირიქით- ევროპული ბაზრებიდან ხდება საქართველოს გამოხშირვა, იმპორტის მოცულობა კლებით ხასიათდება.
ეს უფრო მეტად სასურსათო და უალკოჰოლო საქონელს, ასევე პირველად მოხმარების საქონელს ეხება, რაც ინფლაციის მდგენელში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
ასევე, რთულია, იმის პროგნოზირება, რომ საქართველოში იმპორტი ნაკლებად გაიზრდება. ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეამცირა, სწორი გადაწყვეტილებაა. სწორედ შემცირება იქნებოდა არასწორი გადაწყვეტილება“,- აღნიშნა აკაკი ცომაიამ.