„როგორც ვაკვირდები, ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი მცირდება, რაც პორტფელის ზრდის ფონზე კარგია. ასევე მე რასაც დავაკვირდი, ვადაგადაცილებული სესხების თითქმის ნახევარზე მეტი არასაბანკო დაწესებულებებზე მოდის. ის, რომ 200 000-ზე მეტ ადამიანს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტში ვადაგადაცილება აქვს, მძიმე სოციალური ფონის მაჩვენებელია. ქვეყანაში კვლავ სიღარიბეა და პრობლემები ისე სწრაფად ვერ გვარდება, როგორც წინა პრემიერი ტრაბახობდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კვლავ ბევრი პრობლემაა“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“- ს დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ვადაგადაცილებული სესხების რიცხვის შესამცირებლად საჭიროა, რომ კრედიტორებმა მსესხებლების შემოსავლები კარგად შეისწავლონ და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება სესხის გაცემაზე, რასაც ბანკები სხვა ორგანიზაციებთან შედარებით, ბევრად კარგად ასრულებენ.
„რაც შეეხება უშუალოდ ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელს, პანდემიის შემდეგ ის გაზრდილი იყო და ახლა ნელ-ნელა იწყებს შემცირებას. მაღალმა ინფლაციამ და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია ის, რომ ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი გაიზარდა“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
მიზეზი თუ რატომ არის ბანკებში ვადაგადაცილებების ნაკლებობა ისაა, რომ სხვა საფინანსო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, ბანკი გაცილებით მკაცრად უდგება სესხის გაცემის საკითხს. ის სესხს არ აძლევს იმას, ვინც საკუთარ შემოსავალს ვერ დაადასტურებს. ეს რა თქმა უნდა, ამცირებს სესხის „გაფუჭების“ რისკს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა გამსესხებელმა გაითვალისწინოს მსესხებლის ფინანსური შესაძლებლობები, კარგად შეისწავლოს მისი საფინანსო ისტორია და კრედიტი მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს, რაც თავისთავად შეამცირებს პრობლემური სესხების რიცხვს.
ეს ტენდენცია დაიწყო 2018 წელს, როდესაც ეროვნული ბანკის მხრიდან გამკაცრდა რეგულაციები და შემცირდა ვადაგადაცილებების რიცხვი. პანდემია რომ არა მათი რაოდენობა კიდევ უფრო ნაკლები იქნებოდა“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა ასევე დანაზოგის გაკეთების მნიშვნელობაზეც და განმარტა, რომ როგორც ჩანს ადამიანები ფულის დაგროვებას შემოსავლების სიმცირის გამო ვერ ახერხებენ ან დაზოგვის კულტურა ქვეყანაში საკმარისად არ არის შემოსული.
„ის ფაქტი, რომ 2 მლნ-ზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების ვალი, აჩვენებს, რომ ქვეყანაში კვლავ დანაზოგების პრობლემაა. ადამიანებს არ აქვთ დანაზოგები, შავი დღისთვის შენახული ფული და მოკლევადიანი მიზნისთვის სესხის აღება უწევთ, რაც სიღარიბეზე მეტყველებს. გარდა ამისა, დაზოგვის კულტურა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად შემოსული ჩვენს ქვეყანაში. სასესხო პორტფელის ზრდა ცუდი არაა, რადგან ეს აჩვენებს, რომ ადამიანებს აქვთ მომავლის იმედი, თუმცა ჯობს გაიზარდოს დანაზოგების ოდენობა, ვიდრე სესხების“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
