„ის, რომ კომპანია “ორბს” არ გააჩნია ბახმაროში მშენებლობის ნებართვა, არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია“ – ირაკლი კვერღელიძე

ის, რომ კომპანია “ორბს” არ გააჩნია ბახმაროში მშენებლობის ნებართვა არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია, – ამის შესახებ “ორბი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია სრულად იცავს გენგეგმის პარამეტრებს, რაც უმთავრესი გარანტიაა ბახმაროს ავთენტურობისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის.
“ორბის” პროექტის შესაბამის სახელმწიფოებთან შეთანხმებისა და ნებართვის მიღების პროცედურა ორ ფაზად არის დაყოფილი. პროექტის პირველ ფაზასთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება და გაცემულია შესაბამისი ნებართვა კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული მოთხოვნათა დაცვით.
არც ერთი კომპანია არ წავა იმაზე, რომ მშენებლობის ნებართვა კანონდარღვევით განახორციელოს, ან გენგეგმის პარამეტრს გადაუხვიოს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საუბრობდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვაზე და არა მშენებლობის ნებართვაზე. აღნიშნულ პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ არსებობს, რადგან გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი საპროექტო არეალი ცდება 10 ჰა-ს. აღნიშნული საპროექტო არეალი არის 4 ჰა და შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სავალდებულოობა არ არსებობს.
მოცემულ შემთხვევაში არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დადგენილია მშენებლობის წარმოების წესებში და პირობებში არ იქნება დარღვეული”, – განაცხადა კვერღელიძემ.
“ბიზნესპარტნიორის” კითხვაზე “ორბი ჯგუფს” სახელმწიფომ გაუხანგრძლივა თუ არა პროექტის განხორციელების ვადები – ირაკლი კვერღელიძემ აღნიშნა, რომ თუკი შესასრულებელი ვალდებულებების დრო პანდემიის პერიოდს ემთხვევა სახელმწიფო კომპანიებს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადებს უზრდის.
“2019 წელს გავაფორმეთ ხელშეკრულება, 2020 წლიდან ლოკდაუნი იყო დაახლოებით, სამი წელი. ბუნებრივია, სახელმწიფო ამ სიტუაციას ითვალისწინებს და შესაბამისად, გადავადების შესახებ ღებულობს გადაწყვეტილებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ნებართვის პროცედურები დავიწყეთ დაახლოებით, წელიწად-ნახევრის უკან. ეს ფაქტორები, რა თქმა უნდა, განაპირობებს ვადის გადაწევის წინაპირობებს. არამხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, ზოგადად სახელმწიფოს მიდგომა არის ის, რომ თუკი შესასრულებელი ვალდებულებების დრო დაემთხვა პანდემიის პერიოდს თავისთავად ცხადია კომპანიებს აძლევს საშუალებას, რომ გაუზარდონ ვადები საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების.
ჩვენ აღნიშნული მშენებლობა დაგეგმილი გვაქვს დაახლოებით, 2 წელი და სწორედ ამ სამშენებლო გრაფიკის მიხედვით ვთხოვთ სახელმწიფოს ვადის გადაწევას”, – აღნიშნა კვერღელიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ “ორბი ჯგუფი” გეგმავს, რომ დასაქმებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბოს.
შეგახსენებთ, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანება იგეგმება. განაშენიანების დეტალური გეგმა საქართველოს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანებით დამტკიცდა. პროექტი, სხვადასხვა ასპექტთან ერთად, სამკურნალო ფუნქციასაც მოიცავს.
მრავალფუნქციურ სასტუმროს „ორბი ჯგუფი” აშენებს. პროექტის პრეზენტაცია უკვე შედგა. სასტუმროს მშენებლობა და გაყიდვები ფაქტობრივად საზოგადოების ნაწილის პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. პროექტის მოწინააღმდეგეების არგუმენტით, მასშტაბური სასტუმროს მშენებლობით ბახმაროს ავთენტური იერსახე დროთა განმავლობაში დაიკარგება და კოტეჯურ დასახლებას ბეტონის კონსტრუქციები ჩაანაცვლებს.
bp.ge