„ის, რომ ერთგვაროვანი შეფუთვის რეგულაცია „აიქოსს“ არ შეეხო, კონკრეტული ბიზნესისთვის სასათბურე პირობების შექმნაა“ – გიორგი მაღრაძე

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2024 წლის 31 ივლისიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის წესები გამკაცრდება. ცვლილებების მიხედვით, ყველა სიგარეტი ერთგვაროვანი სადა შეფუთვით უნდა გაიყიდოს. თუმცა პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველ აპრილამდე შესაძლებელი გახდება იმ თამბაქოს ნაწარმის რეალიზება, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2024 წლის 31 ივლისამდე იქნება განთავსებული.
როგორც „კომერსანტთან“ საუბარში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი მაღრაძემ განმარტა, ალიანსი უკმაყოფილოა ბიზნესისთვის საშეღავათო პერიოდის დაწესებით, რადგან ისინი წინა პერიოდში ბაზარზე განთავსებული თამბაქოს სრულად რეალიზაციას 31 ივლისამდე ისედაც შეძლებდნენ და ბიზნესის კონტროლის დაწყება არ უნდა გადავადებულიყო.
„ერთგვაროვანი, სადა შეფუთვა გულისხმობს რომ ყველა ბრენდის სიგარეტს ექნება მოყავისფრო კოლოფი. გარდა ამისა, ყველა მათგანზე მწარმოებელი ბრენდის დასახელება იქნება ერთი ტიპის და ერთი ფერის შრიფტით დატანილი, რათა მომხმარებელს არ შეეძლოს მარტივად გაარჩიოს ისინი ერთმანეთისგან. გარდა ამისა, კანონის შესაბამისად, ყველა კოლოფზე დატანილი იქნება გამაფრთხილებელი წარწერა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შესახებ, შესაბამის პიქტოგრამასთან ერთად.
ეს ცვლილება კარგა ხნის წინ უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა არაერთხელ გადავადდა. არ იყო საჭირო ბიზნესოპერატორებისთვის საშეღავათო ამხელა ვადის მიცემა ძველი შეფუთვით წარმოებული სიგარეტების რეალიზაციისთვის. არ ვართ იმხელა ქვეყანა, რომ თითქმის 1 წლის განმავლობაში არ მოხდეს ამის კონტროლი. რამდენიმე თვეში ისინი ისედაც შეძლებდნენ ბაზარზე მანამდე განთავსებული პროდუქციის გაყიდვას.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს პერიოდი ხელს შეუწყობს ისევ თამბაქოს მწარმოებლებისა და რეალიზატორების ინტერესების დაცვას, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ხარჯზე“, – აღნიშნა გიორგი მაღრაძემ.
მისი თქმით, ასევე არასწორია, რომ ცვლილებები არ ითვალისწინებს გასახურებელი თამბაქოს შეფუთვის ცვლილებას ანუ ამ პროდუქტისთვის წესები რჩება იგივე, რაც ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხეს ტოვებს.
„სადა შეფუთვის მოთხოვნები არ გავრცელდება გასახურებელ თამბაქოზე, ე.წ. „აიქოსზე“, რაც თამბაქოს კონტროლის ალიანსის მოსაზრებით, დაუშვებელია. ეს არის კონკრეტული კომპანიებისა და მათი პროდუქტებისთვის სასათბურე პირობების შექმნა და მათთვის რეალიზაციაში ხელის შეწყობა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, არა მარტო ახალი რეგულაციის გავრცელება გასახურებელ სიგარეტზე, არამედ მისი მთლიანად აკრძალვაც კი. მრავალმა ქვეყანამ უკვე გადადგა ეს ნაბიჯი. ამ მიმართულებით ავსტრალიისა და საფრანგეთის მაგალითებიც ძალიან ღირებულია. ეს ქვეყნები ითვალისწინებენ მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესს და ამ გზით უფრთხილდებიან ამ ყველაზე მთავარ ღირებულებას.
ელექტრო სიგარეტებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გარდა ამისა, ჩვენი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა – 68%, სწორედ ელექტროსიგარეტზე მოდის, როგორიცაა რეკლამის შემთხვევები, ხილულად გაყიდვის ფაქტები, დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები და სხვა“, – განაცხადა გიორგი მაღრაძემ.