ის აქ არის: საქართველოში ლეოპარდი დაბრუნდა

თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც თითქმის 114 ათას ჰექტარს მოიცავს, ბიომრავალფეროვნების დაცვითი ფონდი „ნაკრესის“ კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა, ფოტოხაფანგის მეშვეობით, ისევ დააფიქსირა ლეოპარდი.
ფოტოხაფანგმა, სავარაუდოდ, ხვადი ლეოპარდი თუშეთში, 25 აგვისტოს, ღამის 2 საათზე გადაიღო, თუმცა „ნაკრესის“ მკვლევარებმა ხაფანგის ფოტომასალა მხოლოდ ახლა შეამოწმეს და გაშიფრეს.
არაჩვეულებრივი ამბავი დაგვიანებით სწორედ ამიტომ გავრცელდა. ეს ბოლო 12 წლის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება, აღმოჩენილი პირველი ლეოპარდია.
ლეოპარდი თუშეთში „ნაკრესის“ მეორე დიდი აღმოჩენაა. 2003-04 წლებში, „ნაკრესის“ მკვლევარებმა ბეჟან ლორთქიფანიძემ და გიორგი დარჩიაშვილმა, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, ნოემბერში, ჯერ ლეოპარდის კვალი აღმოაჩინეს, შემდეგ კი პირველად კავკასიაში, ლეოპარდი, აპრილში ფოტოხაფანგით გადაიღეს.
ეს ნამდვილი სუპერ სენსაცია იყო, რადგან მიიჩნეოდა, რომ ლეოპარდი იგივე ჯიქი საქართველოს და მთლიანად კავკასიის ტერიტორიიდან გადაშენებული იყო. ვაშლოვანში აღმოჩენილ ახალგაზრდა ხვად ლეოპარდს, მაშინ სახელად „ნოე“ დაარქვეს.
„ნოე რო დავარქვით ამას რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა, ჯერ იმიტომ რომ ნოემბერში ვნახეთ ლეოპარდის პირველი კვალი, მეორე იმიტომ, რომ „ნაკრესს“ თავდაპირველად ერქვა – „ნოეს კიდობანი“. ბეჟან ლორთქიფანიძე, ფონდი “ნაკრესის” კონსერვაციის პროგრამის დირექტორი
„ნოე რომ დავარქვით ამას რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა, ჯერ იმიტომ რომ ნოემბერში ვნახეთ ლეოპარდის პირველი კვალი, მეორე იმიტომ, რომ „ნაკრესს“ თავდაპირველად ერქვა სახეობათა კონსერვაციის ცენტრი – ‘ნოეს კიდობანი’“- ამბობს ბეჟან ლორთქიფანიძე, ფონდი „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის დირექტორი.
ვაშლოვანის ნაკრძალში „ნოეზე“ დაკვირვება 2009 წლამდე გაგრძელდა, ამის შემდეგ „ნოეს“ კვალი მოულოდნელად გაქრა. არსებობს ორი ვერსია თუ რა მოხდა: ერთი ვერსიით, ლეოპარდი მონადირეებმა მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით დამარხეს; და, მეორე – ლეოპარდმა უბრალოდ ვაშლოვანი დატოვა და სხვა ქვეყანაში გადაინაცვლა. ამის შემდეგ ლეოპარდის კვალი მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩანდა.
2017 წლის ნოემბერში, ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, ადგილობრივმა მცხოვრებმა ძუ ლეოპარდი ხაფანგით დაიჭირა, ცხოველი ერთი თვის მანძილზე ქათმებს პარავდა.
ეს იყო ერთ-ერთი, იმ ოთხი ლეოპარდიდან, რომლებიც რუსეთში ლეოპარდების პოპულაციის აღდგენის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის ნაკრძალში, ველურ ბუნებაში, 2016 წელს გაუშვეს. ლეოპარდი მაშინ ლიხნიდან ისევ რუსეთში დააბრუნეს და ნაკრძალში თავიდან გაუშვეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით მაინც დაიღუპა.
ს ფედერაციის კავკასიის ნაკრძალი ადიღეს, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და კრასნოდარის მხარის 280 ათასს ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და ოკუპირებულ აფხაზეთს უშუალოდ ესაზღვრება.
2019 წლის იანვარში, ხვადი ლეოპარდი მონადირეებმა უკვე ოკუპირებულ კოდორის ხეობაში, სოფელ აჟარასთან მოკლეს. ლეოპარდი აქაც ხაფანგში გაება, რის შემდეგაც მას რამდენჯერმე ესროლეს და ბოლოს ტყავიც გააძრეს. რუსეთის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ინფორმაციით, ეს მოკლული ლეოპარდიც 2016 წელს გაშვებული ოთხეულიდან იყო.
2018 წელს, რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, „ალანიის“ ნაკრძალში გაშვებული ორი ლეოპარდიდან, ერთი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა და 2019 წლის თებერვალში, ოკუპირებული ჯავის რაიონში, მწვერვალ ბრუტსაბრძელზე, სავარაუდოდ, ზვავში მოჰყვა და დაიღუპა.
2019-2020 წლებში, ლეოპარდი ასევე, ოკუპირებულ დაბა ყორნისთან ახლოს, სოფელ წორბისთან და ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხარასთან შენიშნეს. ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო წლებში, ველურ ბუნებაში გაშვებულ ყველა ლეოპარდს, დაკვირვების მიზნით, GPS ყელსაბამი ეკეთა.
2020 წლის მაისში, ლეოპარდი ასევე დააფიქსირეს, სომხეთში, თავუშის რაიონში, სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ახლოს. დღეის მდგომარეობით, როგორც სომხეთში, ისე აზერბაიჯანში ლეოპარდების პოპულაცია გაზრდილია. სომხეთში ლეოპარდის მოკვლისთვის ჯარიმა 100 მილიონი დრამი ანუ 209 ათასი დოლარია.
მეცნიერთა აზრით, ისეთი „ვარსკვლავური“ სახეობის საქართველოში დაბრუნებას, როგორიც ლეოპარდია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.