თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობის ადგილას 5-ვარსკვლავიანი 200 ნომრიანი სასტუმრო Hilton-ის ნაცვლად, საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
სასტუმროს განვითარების ვალდებულება კომპანია შპს „გრანატმა“ წლების წინ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით აიღო. თუმცა, არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ბოლო ინფორმაციით, კომპანია „გრანატმა“ შეთანხმებულ პროექტში რამდენიმე ცვლილებაზე ნებართვა უკვე მიიღო, მათ შორისაა, გარე ფასადის და პროექტის ფუნქციური დანიშნულება. შეცვლილი პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციური კომპლექსის 75% საცხოვრებელი, ხოლო 25% კომერციული, მათ შორის 7 ნომრიანი სასტუმრო იქნება.
„არსებული მდგომარეობით შენობა წარმოადგენს 12 სართულიან ნაგებობას, რომელიც შედგება 3 მიწისქვეშა და 9 მიწის დონის ზედა სართულისგან.
სართულზე მოეწყობა აუზი და საცურაო აუზის სივრცე, საუნის, ჰამამის, მარილის და საპროცედურო ოთახები, მასაჟის ოთახები, სილამაზის სალონი და დასასვენებელი სივრცე, ვიდეო პროექციის ოთახი და ტექნიკური ოთახი და საერთო სამუშაო სივრცე. -3.84 ნიშნულზე არსებულ მიწისქვეშა სართულზე დაგეგმარებულია რეცეფცია, გასახდელები, ფიტენს დარბაზი და პროცედურების ოთახი, კომერციული (სავაჭრო) ფართობი და ტექნიკური (მექანიკური და საინჟინრო მოწყობილობების) ოთახები.
მიწისპირა სართულზე დამატებით მოეწყობა 6 დამოუკიდებელი კომერციული (სავაჭრო დანიშნულების) ფართობი. შენობის ანტრესოლის სართულზე (+3.75 ნიშნული) მოეწყობა 4 დამოუკიდებელი კომერციული (სავაჭრო დანიშნულების) ფართობი და საოფისე ოთახები.
პროექტის მიხედვით შენობის პირველ სართულზე (+6.95 ნიშნული) დაგეგამრებულია 7 ერთეული სასტუმროს ნომერი, ხოლო სართულის ძირითად ფართობზე მოეწყობა საოფისე ოთახები“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, მიმდინარე წელს შპს „გრანატის“ მფლობელები შეიცვალა და უზბეკეთის მოქალაქე შომუროდ ილიასოვმა (75%-იანი წილი) და ბიზნესმენმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა (25%) თავიანთი წილები შპს „დიემჯი გრუპს“ გადასცეს. თავის მხრივ, შპს დიემჯი გრუპს-ის მეწილეები ბიზნესმენ მაკა ასათიანის შვილი კახი ჟორდანია (75.1%) და ელისაბედ ტრაპაიძე (24.9%) არიან.
სასტუმროს დასრულების თარიღი 2027 წელია.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს განვითარების ვალდებულება კომპანია შპს „გრანატმა“ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ჯერ კიდევ 2015 წელს აიღო. სასტუმროს პროექტი „გრანატმა“ შპს „ჯორჯიან ფროპერთისგან“ გამოისყიდა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მინიმუმ 120 ნომრიანი სასტუმრო „გრანატს“ ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში უნდა შეეყვანა.
ხელშეკრულება 2019 წელს გადაიხედა, მაშინ ცვლილებები გულისხმობდა სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებას და სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღებას არაუგვიანებს 2021 წელის 18 მაისისა. მაშინ ინვესტორს სასტუმროს შექმნის მიზნით 20 მლნ-ის ნაცვლად 25 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება დაევალა.
თუმცა უკვე 2021 წელს „გრანატმა“ მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება 24 თვით მოითხოვა, რაზედაც უარი მიიღო, მას შემდეგ კომპანიამ არაერთხელ წარადგინა კორექტირებული პროექტი და მოითხოვა მშენებლობის გაგრძელების უფლება, საბოლოოდ ის მხოლოდ 2023 წელს მიიღო.



