მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დეტალები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა სექტორში გარკვეული მოლოდინები, არსებობს.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა, აუცილებელი პირობაა, რომ პროფესიონალების მიერ მოხდეს პროცესის გაძღოლა და არა კონკრეტული სახელმწიფო უწყებების მიერ.
„გააჩნია, როგორ ჩამოყალიბდება და პროცესი როგორი იქნება. ბევრ ქვეყანაში გვინახავს პატარა დასახლებები, სადაც ერთნაირი ვიზუალის თუნდაც სახურავებია და ეს ძალიან ესთეტიკურია. გააჩნია, ვინ იქნება ჩართული და ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ სახელმწიფო მოხელემ უნდა გადაწყვიტოს, რომელსაც შესაძლებელია, სათანადო კომპეტენცია არ ჰქონდეს, არასწორი იქნება“, – ამბობს ბესო ორთოიძე.
მისივე განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა საქართველოში უკვე არსებობს. კერძოდ, ბაკურიანში გარკვეულ ტერიტორიაზე მოხდა განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება და როცა მესაკუთრე ნებართვაზე მიმართავდა, განსაზღვრული იყო როგორც სახურავის ფერი, ასევე, ფასადზე გამოსაყენებელი მასალები.
„მთავარია, პროცესი სწორად წარიმართოს, ურბანისტები, არქიტექტორები იყვნენ ჩართულები. ამასთან, აუცილებელია, იყოს გარკვეული არჩევანის საშუალებაც, მესმის, რომ შეიძლება, სახურავის ფერში არ იყოს არჩევანი, თუმცა, სხვა მიმართულებებში ეს საჭიროა.
თუ საუბარია ისტორიულ უბანზე, იქ ხისტი მიდგომები იარსებებს და იგივეა ძველი თბილისის შემთხვევაშიც. აქ მხოლოდ არქიტექტურული სამსახურის სანებართვო ეტაპს არ გადიხარ, ჩართულები არიან მოწვეული პირები, ხელოვნებათმცოდნეები და ცალკე კომისიაზე გადის საკითხი. მსგავს სიტუაციებში შეიძლება, რომ იყოს ხისტი მიდგომები, მაგრამ სხვა ნაწილზე – უფრო მეტად მსუბუქი. ვუტრირებ, მაგრამ თუ ჩაიწერა, რომ ყველა შენობა მარმარილოთი უნდა იყოს მოპირკეთებული, რა თქმა უნდა, გაძვირდება, მაგრამ თუ არჩევანის საშუალება იქნება, კომპანია თავად გადაწყვეტს, ძვირიან მასალას გამოიყენებს, თუ შედარებით ბიუჯეტურს“, – განაცხადა ბესო ორთოიძემ.




