ისტორიული ყორღანის დაზიანების ფაქტი

იურისტ სოფო ხორგუანის თქმით, ასპინძაში მძიმე ტექნიკით უძველესი ყორღანი განზრახ დააზიანეს.
სოფო ხორგუანი პროკურატურას მიმართავს მოთხოვნით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად დაიწყოს გამოძიება. მისი თქმით, წინა წლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ამ ტერიტორიებს მეთვალყურეობას უწევდნენ, ხოლო ახლა ყველაფერი მიტოვებულია.
„ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, თუ რა დავკარგეთ ამ ყორღნის განადგურებით. გაურკვეველია, ზუსტად როდის მოხდა, მაგრამ ახალი ამბავია, რომ მძიმე ტექნიკით გაანადგურეს, ეს ყორღანი გვერდიდან არის გამოთხრილი. ეს არის მტკვარ-არაქსის კულტურის ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენების ადგილი”, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
ამ თემასთან დაკავშირებით ასევე ისაუბრა სამოქალაქო აქტივისტმა ვიკა ფილფანმა.
„გამოსავალი არის იმაში, რომ სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ ეს საქმე. თან ისე უნდა გამოიძიონ, რომ ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები შესაბამისად უნდა დაისაჯონ და სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს. საქართველოს არ აქვს დასაკარგი ასეთი მნიშვნელობის ძეგლები. ტერიტორიულად პატარა ქვეყანა ვართ, სადაც ყველა კუთხე-კუნჭულში შესაძლოა, რომ ისტორია და ძალიან მნიშვნელოვანი რამ ინახებოდეს”, – ამბობს ვიკა ფილფანი.
წყარო: euronewsgeorgia

ასევე დაგაინტერესებთ