„ისტორიული ნაბიჯი“ – თბილისი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დასრულებას

„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებას სამშვიდობო შეთანხმების 17-ვე პუნქტთან დაკავშირებით“, – წერს საგარეო უწყება X-ზე.
„ისტორიული ნაბიჯი რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისაკენ“, – წერია განცხადებაში.
ამავე პლატფორმაზე გამოეხმაურა მხარეთა შეთანხმებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი .
„მივესალმები განცხადებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
„შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე გადამწყვეტი ნაბიჯია კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ“, – მიიჩნევს ის.
„ამ ისტორიულ მიღწევას მოაქვს ახალი შესაძლებლობები მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“, – აცხადებს ის.
შეთანხმებას გამოემხაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
„ეს ორივე ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა, ათწლეულების წინანდელი კონფლიქტიდან ახალი ფურცელი გადაშალონ – მშვიდობიანი სამყაროს შესახებ პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად“, – აცხადებს სახელმწიფო მდივანი.
„ახლა დადგა დრო, რომ ვიზრუნოთ მშვიდობაზე, ხელი მოეწეროს ხელშეკრულებას და მოხდეს მისი რატიფიცირება, და შევაბიჯოთ სამხრეთ კავკასიის ხალხის კეთილდღეობის ახალ ერაში“, – აცხადებს მარკო რუბიო.
ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და თითქმის ხუთწლიანი მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის შემდეგ, 2025 წლის 13 მარტს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე.
ჯერჯერობით მხარეებს დოკუმენტისათვის ხელი არ მოუწერიათ.
თავდაპირველად, როგორც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური იუწყება, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა გამოაცხადა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
მოგვიანებით ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებამაც დაადასტურა.
მინისტრმა ბაირამოვმა განაცხადა ისიც, რომ სომხეთი დაეთანხმა აზერბაიჯანის იმ შეთავაზებას, რაზეც აქამდე თავს იკავებდა, – სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებას.
სომხეთის საგარეო უწყებამ დაადასტურა, რომ დაეთანხმა ორ აქამდე შეუთანხმებელ დებულებასაც, – მათ შორისაა კონსტიტუციის ცვლილებაც.
შეთანხმება, არაერთი მედიის ცნობით, არ მოიცავს „ზანგეზურის დერეფნის“ მოთხოვნას – რაც ბაქოს მოთხოვნებს შორის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და რასაც სომხეთი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა.
დოკუმენტის სახელწოდებაა „შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე – კანონის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტაც გამოიწვევს სასამართლოს უფლებამოსილების შეწყვეტას, მაშინ ამ წევრს უგრძელდება ვადა, ვიდრემ მისი შემცვლელი არ აირჩევა

თინა ბოკუჩავა – ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ 31 მარტი გამოვიყენოთ ერთიანობის გასაჟღერებლად – თუ გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას