ერთად ბევრი ჩრდილოეთის ციალი გვინახავს, გასულ წელს საქართველოშიც კი გავხდით ამ საოცარი სანახაობის მომსწრე, ახლა კი დროა, სხვა პლანეტებისკენაც გადავინაცვლოთ, მზისა და დედამიწისგან შორს, ლურჯად შეფერილი ნეპტუნისკენ, რომელიც სულ ახლახან JWST-ის ობიექტივში მოექცა — ძლიერი ინფრაწითელი სპექტრომეტრის საშუალებით ისტორიაში პირველად გადაიღო „ავრორა“ მზის სისტემის ყველაზე შორეულ პლანეტაზე!
ჩათვალეთ, რომ ეს ფაზლის ბოლო ნაწილი იყო, რადგან ციალი მზის სისტემის უკვე ყველა პლანეტაზე უნახავთ მეცნიერებს. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფართოდ გავრცელებული ფენომენია. თუმცა, იმის მიხედვით, თუ სად გამოჩნდება, განსხვავებულ ვიზუალს გვთავაზობს. დედამიწაზე არსებული მრავალ ფერს გვაჩვენებს, მოდით, ვთქვათ, რომ ვიზუალურად ყველაზე შთამბეჭდავია. ეს უკანასკნელი კი მზის ქარების ნაწილაკების დედამიწის მაგნიტურ ველთან შეჯახებით მიიღება.
აი, რაც შეეხება იუპიტერს, მის სახელს მზის სისტემაში ყველაზე ძლიერი, ენერგეტიკული ავრორები უკავშირდება, მას უმეტესად ულტრაიისფერში ვხედავთ ისე, თითქოს, პლანეტას ქუდი დაუხურავსო… თანაც, მისი ოთხი დიდი მთვარეც მასპინძლობს ამ სანახაობას. სატურნსა და მარსზეც ულტრაიისფერი ავრორები გვხვდება. აი, ვენერა კი უფრო მწვანე ფერებს გვთავაზობს და ასე მეტად ემსგავსება დედამიწის ჩრდილოეთის ციალს.
პლანეტებიდან მერკური დაგვრჩა, რომელიც, ყველაზე უცნაურია ამ ამბავში — ატმოსფერო არ აქვს, ამიტომაც X სხივების ფლუორესცენციის სახით ვლინდება ზედაპირზე მზის ნაწილაკებისა და მინერალების ურთიერთქმედების შედეგად.
თუმცა, მეცნიერებმა დიდი ხნის მანძილზე არ იცოდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო ავრორა ურანსა და ნეპტუნზე, ძალიან შორს ჩვენი მზისგან… 2023 წელს ურანის ეკვატორზე ინფრაწითელი ავრორა დააფიქსირეს, ახლა კი მსგავსი ავრორა JWST-მ ნეპტუნზეც გვაჩვენა.
ჯერ კიდევ 2023 წელს კოსმოსურმა ტელესკოპმა ნეპტუნის ატმოსფეროში ტრიწყალბადის კათიონს (H3+) მიაგნო, რომელიც ავრორებს უკავშირდება და სწორედ მასზე დაკვირვებით შეძლეს მეცნიერებმა იმ ადგილის პოვნა პლანეტაზე, სადაც ციალი მოხდებოდა. თუმცა, საქმეს პლანეტის მაგნიტური ველი ართულებდა, რომელიც დედამიწაზე თუ პოლუსების გარშემო გვხვდება, აქ ეკვატორზეა…
ყინულის პლანეტის ტემპერატურის გაზომვით JWST-მ იმასაც მოჰფინა ნათელი, თუ რატომ უჭირდათ მეცნიერებს აქამდე ნეპტუნის ციალის პოვნა — Voyager 2-ის მიხედვით, ნეპტუნის ტემპერატურა იმაზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე JWST-ის მიერ დაფიქსირებული, ეს კი გვეუბნება, რომ პლანეტა 1989 წლის შემდეგ საგრძნობლად გაცივდა. ცივი ტემპერატურა უფრო მკრთალ ავრორებს ნიშნავს, შესაბამისად, გამოდის, რომ მეცნიერები აქამდე ციალის პროგნოზს ნეპტუნზე არაზუსტ ტემპერატურაზე დაყრდნობით აკეთებდნენ…
წყარო: marketer.ge
