ისტორიაში პირველად საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე გუნდის შემადგენლობა პრესკონფერენციაზე წარადგინა. საქართველოს ნაკრებმა რეკორდული რაოდენობის – 11 ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა: 10 – ინდივიდუალური და ერთი – შერეული გუნდური ასპარეზობის.
პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე ქალთა და ვაჟთა ნაკრები შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მედლის მოპოვებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ძიუდო არის პირველი სახეობა, რომლის წარმომადგენელთა შერეული ნაკრები ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენელი შვიდივე წონით კატეგორიაში ეყოლება, ხოლო ქალთა შორის შეჯიბრებაში, ისტორიაში პირველად, საქართველოს ღირსებას სამი ძიუდოისტი დაიცავს.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა ასეთია:
– 60 კგ – გიორგი სარდალაშვილი
– 66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი
– 73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი
– 81 კგ – ტატო გრიგალაშვილი
– 90 კგ – ლაშა ბექაური
– 100 კგ – ილია სულამანიძე
+100 კგ – გურამ თუშიშვილი
-57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი
-63 კგ – ეთერ ასკილაშვილი
+78 კგ – სოფიო სომხიშვილი
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა და გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვეს, ვერცხლის მედალი – გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაოს მედალი კი – ვაჟა მარგველაშვილმა. მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები მოიპოვეს ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლის მედლები – ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაოს მედლები – ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა, საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები კი ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ ფხალაძე – რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება