ისრაელ-ჰამასის ომი ძალიან დიდ პრობლემას უქმნის აშშ-ს ხელისუფლებას – კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ბოლო დღეებია საბრძოლო მოქმედების ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული: თუკი გუშინ სამხრეთ ლიბანში პრო-ირანული, შიიტური ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი ისმაილ ალ-ზინი მოკლეს დღეს სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულო იქნა დაბომბილი, რის შედეგადაც სამი ირანელი გენერალი მოკლეს. მათგან ერთ-ერთი მოჰამედ რეზა ზაედია, ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ქუდსის ელიტური ძალების ერთ-ერთი სარდალი. ირანში დემონსტრაციები იმართება ისრაელისა და -ს წინააღმდეგ შურისძიების მოთხოვნით. სამხრეთ ლიბანი, რომელიც ჰეზბოლას მოქმედების ცენტრია თითქმის მეექვსე თვეა ყოველდღიური იერიშების ქვეშაა მოქცეული. ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა შედარებით დასუსტებულია, მაღალჩინოსნების ნაწილი – მოკლული. ლიბანთან არსებული საზღვარი კი ისრაელს კარგად აქვს გამაგრებული. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით როგორი შეიძლება იყოს ირანის ან ჰეზბოლას მუქარა და პასუხი, რთული სათქმელია. ისრაელის სამხედრო ძალები აქტიურად მოქმედებენ უშუალოდ ღაზაში. შეტაკებები მიმდინარეობს სექტორის თითქმის მთელს ტერიტორიაზე. ავიაცია აქტიურია უფრო სამხრეთში, ქალაქი რაფაჰის მიმართულებით, ეგვიპტის საზღვართან. აშშ ცდილობს ისრაელს გადააფიქრებინოს ამ მიმართულებით ქვეითი ოპერაციის დაწყება, რადგან იძულებით გადაადგილებულ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ დასახლებას აფარებს თავს. საუბარია მილიონზე მეტ ადამიანზე. ალ-ჯაზირა 1.5 მილიონზე საუბრობს. მაგრამ რადგან ისრაელმა კვლავ ვერ შეძლო მძევლების ნაწილი პოვნა და დახსნა ვარაუდობენ, რომ ჰამასის ძალებს ისინი შეიძლება სწორედ აქ ჰყავდეთ გადამალული. რაფაჰში არსებობს ახლა უფუნქციო აეროპორტიც. რაფაჰში ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია ურთულესი და სისხლიანი იქნება. ამასთან, დღეს დასრულდა ალ-შიფას საავადმყოფოს ალყა ღაზას სექტორში. 1946 წელს პირველად გახსნილი ჰოსპიტალი ერთ-ერთი უდიდესი კონსტრუქციაა მთელს სექტორში. ისრაელი ჰოსპიტლის ტერიტორიაზე ნოემბერში გამოჩნდა და სამხედრო ბუნკერების არსებობაზე გააკეთა აქცენტი. იმ ფონზე რომ საავადმყოფოების დაბომბვა ომის დანაშაულია, ისრაელის მხრიდან ბუნკერებზე და ჰოსპოტლის კომპლექსში ჰამასის ცენტრზე ხაზგასმა გახდა მისი სამხედრო სამიზნედ გამოცხადების მიზეზი. ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა ისრაელი ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ ბუნკერების არსებობაზე. პირველი რეიდის შემდეგ ებრაულმა დანაყოფმა დატოვა ჰოსპიტლის ტერიტორია, მაგრამ ისრაელის განმარტებით საიდუმლო ბუნკერების გზით ჰამასის ძალები კვლავ დაბრუნდნენ მის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც მარტში დაიწყო მისი ხელახალი ალყა. ისრაელის ცნობით საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჰამასის წევრები იმყოფებოდნენ. მსხვერპლი ამ მიმართულებით დიდია, ჰოსპიტალი კი თითქმის სრულიად განადგურდა. ალ-შაიფას საავადმყოფოს ალყას კრიტიკული გაშუქება მოჰყვა საერთაშორისო მედიაში. მიუხედავად ამისა, ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასის 200 წევრი იქნა მოკლული აღნიშნულ ტერიტორიაზე. ისრაელის შიგნით დემონსტრაციები მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი მთავრობის გადადგომას ითხოვს, რადგან ვერ მოხერხდა გატაცებული მოქალაქეების გამოხსნა და ომის სწრაფად დასრულება. ამ ფონზე ისრაელის ხელისუფლებამ სულაც არ არის გამორიცხული პირიქით ესკალაცია გაზარდოს და პროცესები დააჩქაროს კიდეც. ხშირია ხოლმე კრიზისების დროს სამხედრო პროცესების დაჩქარება და მობილიზებისათვის ესკალაციის ზრდა. ამ შემთხვევაში არავინ იცის როგორი იქნება ხალხის რეაქცია. ზოგადად, ერთსა და იმავე რეგიონში ხანგრძლივი ომით ადამიანები იღლებიან, მით უფრო თუკი ამ ომის მიზანი რთულად მიღწევადი წარმოჩინდება ხოლმე. თუმცა ისრაელში საკმაოდ ბევრია იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომელიც ისრაელის ირგვლივ “ომების დამამთავრებელი ომის” წარმოებას და ჰამასის სრულ განადგურებამდე ბრძოლას ემხრობა. თავის მხრივ ისრაელ-ჰამასის ომი ძალიან დიდ პრობლემას უქმნის აშშ-ს ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით. ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი ისრაელის მოწინააღმდეგეა. მიუხედავად ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ დრომდე ისრაელს ღიად უჭერდა მხარს. რესპუბლიკური პარტია და მისი მხარდამჭერები კიდევ უფრო აქტიურად ემხრობიან ისრაელს. შესაბამისად, ბაიდენის ადმინისტრაციას რთული გადაწყვეტილებები აქვს მისაღები, სივრცე მანევრირებისათვის კი ცოტა. მან ან კვლავ დაუჭიროს მხარი ისრაელს ან გააძლიეროს მასზე პოლიტიკური ზეწოლა. ახლა სადღაც შუაშია სიტუაცია. პირველ შემთხვევაში საკუთარი ამომრჩევლის ნაწილი შეიძლება გაანაწყენოს. მეორე შემთხვევაში კი ისრაელის მხარდამჭერი პოლიტიკური წონიანი აქტორები აშშ-ს შიგნით. დაპირისპირების ნიშნები უკვე არის ისრაელის ხელისუფლებასა და ბაიდენს შორის. ამ დრომდე ჰამასის ტყვეობაში დაახლოებით 100 გატაცებული რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ