შაბათს ლიბანიდან ნასროლი რაკეტების აფეთქების შედეგად ცენტრალურ ისრაელში 11 ადამიანი დაიჭრა, განაცხადეს ისრაელის საგანგებო სამსახურებმა. ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა სახლს. მცირდება საზავო შეთანხმების პერსპექტივები.
სექტემბრიდან მოყოლებული, მწვავდება შეტაკებები ისრაელის ჯარებსა და ლიბანის რადიკალურ შიიტურ დაჯგუფება ჰეზბოლას შორის. როგორც Reuters-ი შენიშნავს, უკანასკნელ დღეებში შემცირდა იმის იმედი, რომ აშშ საზავო შეთანხმებისკენ უბიძგებს მხარეებს. (ჰეზბოლა აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ევროკავშირში – მხოლოდ მისი გასამხედროებული ფრთა).
დაახლოებით იმ დროს, როცა რაკეტები ჩამოცვივდა, ჰეზბოლამ განაცხადა, რომ მან ცეცხლი დაუშინა სამხედრო ბაზას თელ-ავივის მახლობლად.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანახმად, ნამსხვრევებით დაშავდა 11 ადამიანი. ჩრდილოეთ ისრაელში კვლავაც მოქმედებდა საჰაერო განგაში, ვინაიდან ლიბანიდან გრძელდებოდა სარაკეტო ცეცხლი და დრონების იერიში, განაცხადეს ისრაელის სამხედროებმა.
პარასკევს ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ 52 ადამიანი დაიღუპა ისრაელის მიერ ბაალბეკის რეგიონში ათზე მეტი ქალაქის წინააღმდეგ განხორციელებული იერიშის შედეგად. ბაალბეკიში მდებარეობს ანტიკური ნანგრევები, რომლებიც იუნესკოს სიაშია შეტანილი, იუწყება Reuters-ი.
ისრაელის სამხედროებმა შაბათს განაცხადეს, რომ პარასკევს ლიბანის ქალაქ ტიროსის რაიონში ჰეზბოლას ორი მეთაური მოკლეს. ამ ცნობაზე ჰეზბოლას კომენტარი არ გაუკეთებია.
ჰეზბოლამ, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშები დაიწყო თავისი პალესტინური მოკავშირის, რადიკალური დაჯგუფება ჰამასის მხარდასაჭერად ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ჰამასი 2023 წლის 7 ოქტომბერს თავს დაესხა სამხრეთ ისრაელს. ამ თავდასხმის დროს, ისრაელის თანახმად, ჰამასმა 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლა და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანა (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).
ამის შემდეგ ისრაელის მიერ წამოწყებულ საპასუხო იერიშში, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება, ღაზის სექტორის ჯანდაცვის ორგანოების თანახმად, 43 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ პარასკევს განაცხადა, რომ ლიბანში დაღუპულია 2900 ადამიანი.
ისრაელის ხელისუფლების თანახმად, ჰეზბოლას იერიშების შედეგად ისრაელსა და ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპულია 71 ადამიანი.