ისრაელში, ღაზაში ომის დასრულებისა და დაკავებული მძევლების გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აქციების ორგანიზატორების თქმით, მთავრობის გეგმები ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღების შესახებ საფრთხეს უქმნის „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების სიცოცხლეს.
გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტი ადამიანი თელ-ავივში შეიკრიბა. ერთდღიანმა ეროვნულმა გაფიცვამ, რომელიც უფრო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ნაწილია, ზოგიერთ რაიონში გზების, ოფისებისა და უნივერსიტეტების დახურვა გამოიწვია. სამართალდამცავებმა, დღის განმავლობაში, 40-მდე ადამიანი დააკავეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საპროტესტო აქციები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს „ჰამასის“ პოზიციას განამტკიცებს და მძევლების გათავისუფლებას შეაფერხებს.
