ისრაელში ტურისტული მიზნით საქართველოს მოქალაქეები გამგზავრებას, ფაქტობრივად, ვეღარ ახერხებენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ტუროპერატორი კომპანიების წარმომადგენლებმა განუცხადეს.
მათი თქმით, პანდემიური პერიოდის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ისრაელის საზღვარზე კონტროლი იმდენად გამკაცრებულია, რომ აღდგომის დღესასწაულისთვის ტურები აღარ იგეგმება.
„ისრაელის მიმართულებით ჩვენ ჯერ არ გვქონია ტურები, მაგრამ უახლოეს მომავალში არც ვგეგმავ, რადგან პროტესტი მაქვს. საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე ძაღლებივით ექცევიან. რა დავიმსახურეთ და რა არა, ეს სხვა საკითხია და ამაზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ საზღვრის კვეთის პროცესი ქართველებისთვის არის საშინელება. ამიტომ, სანამ ადამიანებად არ ჩაგვთვლიან, მანამდე არ ვაპირებ რომ ტურები გავაკეთო“, – აღნიშნა „თრეველჰოლიკს“-ის დამფუძნებელმა მარი გიორგაძემ.
ამავე პრობლემის გამო აღარ გეგმავს იერუსალიმში სააღდგომო ტურებს ტუროპერატორი „ლავთრეველიც“.
„ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს ძალიან რთულად უშვებენ, ამიტომ ჯგუფურ ტურებს ამჟამად აღარ ვაკეთებთ. ეს პროცესი ბევრად უფრო გართულდა პანდემიის შემდეგ, შესაბამისად, ამ მიმართულების ტურები აღარ გვაქვს.
საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ფაქტობრივად აღარ უშვებენ, ეს არის ტურების გაუქმების პირველი მიზეზი და არა ომი ან ტერორიზმის საფრთხე“, – განმარტა მარიამ ფარქოსაძემ.
აღნიშნული პრობლემის გამო, თითქმის ყველა ტურისტულ კომპანიას ისრაელის მიმართულებით ტურები გაუქმებული აქვს.
რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულისთვის საბერძნეთში, ათონის მთაზე გამგზავრებას, ამის შესაძლებლობა კვლავაც არსებობს, თუმცა მხოლოდ მამაკაცებისთვის. როგორც კომპანია „ტურები ჯი“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ადამიამ განაცხადა, მოთხოვნა კვლავ არსებობს და ხდება ინდივიდუალური ტურების ორგანიზება.
„ბოლო პერიოდში ისრაელის საზღვრის კვეთის რეგულაციები იმდენად გამკაცრებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ თუ პანდემიამდე უკან დაბრუნების მაჩვენებელი 50-60% იყო, ახლა ეს წილი 95%-მდეა გაზრდილი. შესაბამისად აღარ ვაკეთებთ ტურებს ისრაელის მიმართულებით.
აღდგომის დღესასწაულისთვის ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პერსონალური ტურის ორგანიზება საბერძნეთის მიმართულებით, ათონის მთაზე. ამ ტურზე არის ხოლმე მოთხოვნა. მხოლოდ მამაკაცებისთვის არის დაშვებული იქ მოხვედრა და პირველ რიგში საჭიროება ადგილობრივი მცხოვრების მიერ მისთვის მოწვევის გამოგზავნა, რის შემდეგადაც უკვე ჩვენ მიერ ხდება ავიაბილეთების შეძენა და მოგზაურობის ორგანიზება“, – აღნიშნა „ტურები ჯი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ადამიამ.