ისრაელში საქართველოს საელჩოს ცნობით, საქართველოს 17 მოქალაქე, რომელიც ისრაელში სადეპორტო დაწესებულებაში იმყოფებოდა, საქართველოში გაემგზავრა.
მათივე თქმით, ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით, როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით , ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით – TABA.
“ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო განაგრძობს მუშაობას საგანგებო რეჟიმში. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს”, – საქართველოს საელჩი ისრაელში.
მანამდე ქართველმა მოქალაქეებმა ისრაელიდან “მთავართან” საუბრისას თქვეს, რომ სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი ქართველები მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე დახმარებას ითხოვდნენ.
13 ივნისს ისრაელმა ირანზე სარაკეტო შეტევა განახორციელა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ირანზე, სამიზნე კი, მათი განცხადებით, თეირანის ბირთვული პროგრამის შენობები, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.
კონფლიქტი მას შემდეგ ორმხრივი გახდა და არცერთი მხარე თავდასხმებს არ წყვეტს.
