დღეს დილიდან ისრაელში პატივს მიაგებენ ქვეყნის სამხრეთზე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, აშშ-ის, ევროკავშირისა და თავად ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულებს.
თავდასხმა 2023 წლის 7 ოქტომბერს მოხდა. ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ჰამასმა 1000-ზე მეტი ადამიანი დახოცა, 250-ზე მეტი კი მძევლად აიყვანა.
დღეს დილით ასეულობით ადამიანი შეიკრიბა ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ისრაელის კიბუც რეიმის მახლობლად, სადაც ორი წლის წინ ჰამასი თავს დაესხა მუსიკალურ ფესტივალ Supernova-ზე შეკრებილ ხალხს. ეს იყო პირველი ადგილი, სადაც ხალხი დახოცეს. აქცია გაიმართა თავდასხმის კიდევ ერთ ადგილას, ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ისრაელის კიბუც კფარ-აზშიც.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და ჰამასის ტყვეობაში დარჩენილთა გათავისუფლების მოთხოვნით აქციები გაიმართა თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში.
ორი წლის წინ ისრაელის სამხრეთში მდებარე რაიონებში ხმელეთიდან შეჭრის გარდა, ჰამასმა ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო შეტევაც მიიტანა. ამას მოჰყვა ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორზე ისრაელის არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაცია.
2025 წლის სექტემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ღაზის სექტორში ომის დასრულების გეგმა და განაცხადა, რომ მას მხარს უჭერენ აშშ, ისრაელი და არაერთი სხვა ქვეყანა და მხოლოდ ჰამასის თანხმობაა საჭირო. 3 ოქტომბერს ჰამასმა განაცხადა, რომ ეთანხმება ტრამპის გეგმის ზოგიერთ პუნქტს და დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.
6 ოქტომბერს ეგვიპტეში, ამ ქვეყნის ხელისუფლების შუამავლობით დაიწყო ისრაელის და ჰამასის მოლაპარაკება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმა 20-პუნქტიანია. ის ითვალისწინებს ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ჰამასის მიერ ყველა მძევლის გათავისუფლებიდან 72 საათის განმავლობაში და ისრაელის მიერ ასეულობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას, ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების ეტაპობრივად გაყვანას, ჰამასის განიარაღებას და ღაზის სექტორში გარდამავალი მთავრობის შექმნას საერთაშორისო ხელმძღვანელობით. გეგმა გამორიცხავს ჰამასის მონაწილეობას ღაზის სექტორის მართვაში.
· ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
· მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩა 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
· ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 67 ათასზე მეტი ადამიანი.
· 2025 წლის სექტემბრიდან ისრაელმა დაიწყო სახმელეთო ოპერაციაც ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დასამყარებლად.
· ჰამასი ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს.
· პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოების დიდი ნაწილი აღიარებს, პალესტინელთა ტერიტორიას აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
