დღეს, 10 ოქტომბერს, ისრაელში მცხოვრები ქართველები აქციას გამართავენ და მოითხოვენ, რომ ისრაელში გახსნილი საარჩევნო უბანი არ გაუქმდეს.
აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ, 9 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ ისრაელში საომარი ვითარების ფონზე ცესკო საარჩევნო უბნის გაუქმების საკითხს განიხილავს.
„ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს წერილობით მოგვმართა, აქ არის ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, იმ რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, თელ–ავივში, ქალაქ რამათ განში შექმნილ საარჩევნო უბანთან დაკავშირებულ საკითხებს. აღწერილია ყველა ის გარემოება, რომელიც შესაძლოა, საყურადღებო იყოს კომისიისთვის საარჩევნო უბნის შენარჩუნებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით. რის თაობაზეც ჩვენ უახლოეს სხდომაზე გვექნება სათანადო მსჯელობა და კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, ირაკლი კალანდარიშვილმა.
როგორც ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, ირაკლი მეტრეველი აცხადებს, თუ ქვეყანაში საარჩევნო უბანი დაიხურება, ეს იქ მყოფი ქართველებისთვის საარჩევნო უფლების წართმევა იქნება.
„როგორც უკვე ყველამ ვიცით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიტანა ცესკოში წერილი, რომელიც ითვალისწინებს ისრაელში მყოფ ქართველების საარჩევნო უფლებების წართმევას და საარჩევნო უბნის არგახსნას! ეს არის ყველა კანონის დარღვევა! აქ არაა საჭიროება, რომ საომარი მდგომარეობის ფონზე არ ჩატარდეს არჩევნები, როცა აქაური არჩევნები და ღონისძიებები ტარდება ჩვეულ რეჟიმში! ამიტომ ხვალ ყველა მივალთ საელჩოსთან და გავაგებინებთ ჩვენს ხმას“, – წერს Facebook-ზე ირაკლი მეტრეველი.
ცესკო-ს მონაცემებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ 60 უბანი 42 ქვეყანაში უნდა გაიხსნას, მათ შორის ერთი- ისრაელის ქალაქ რამათ განში.