ისრაელში მყოფი აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის უსაფრთხოების განგაში გამოცხადდა
აშშ-მა ისრაელში მყოფი აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და მათი ოჯახებისთვის უსაფრთხოების განგაში გამოაცხადა.
„არსებული ვითარების გამო, აშშ-ის საელჩომ აშშ-ის მთავრობის ყველა თანამშრომელსა და მათ ოჯახის წევრებს მოუწოდა, დარჩნენ თავშესაფარში შემდგომ შეტყობინებამდე“, – ნათქვამია გაფრთხილებაში.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების კუთხით ვითარება კომპლექსურია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს.
ისრაელში გვიან ღამით განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედიამ კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ირანში დაადასტურეს, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური ჰოსეინ სალამიც. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან. ისრაელს მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერიც. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.
პირველი არხი
