ისრაელის დიასპორის საკითხებსა და ანტისემიტიზმთან ბრძოლის მინისტრი ამიჩაი ჩიკლი, რომელიც პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიის წევრია, მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას გამოეხმაურა და BBC Newshour-თან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი არ აპირებს „ ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულებას.
„ეს მხოლოდ პაუზაა. ჩვენ არ ვაპირებთ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულებას,“ – აცხადებს მინისტრი.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ისრაელმა განიხილოს ზავის გახანგრძლივება მეტი მძევლების სანაცვლოდ, მან თქვა, რომ ისრაელს არ აქვს ნდობა, რომ „ჰამასი“ დათანხმდება შეთანხმების გაგრძელებას.
„ვიმედოვნებთ, რომ ხვალ ვიხილავთ ჩვენს 13 კაცს, ქალს და ბავშვს, მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, სკეპტიკურად ვართ განწყობილი“, – აცხადებს მინისტრი.
ინფორმაციისთვის, ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის ზავი 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე ამოქმედდება.
