ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დროებითი ზავი ძალაში შევიდა

ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ძალაში შევიდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის ამ კვირაში მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების 4 დღით შეწყვეტას და ღაზის სექტორში მყოფი მძევლების ნაწილის და ს საპატიმროებში მყოფი პალესტინელების ნაწილის გათავისუფლებას. ასევე, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდას, მათ შორის საწვავის შეტანას.
პროცესის მთავარი შუამავლის, კატარის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 16:00 საათისთვის უნდა გათავისუფლდეს მძევლების პირველი ჯგუფი – 13 ქალი და ბავშვი. ისრაელის ციხეები უნდა დატოვოს 39-მა პალესტინელმა ქალმა და არასრულწლოვანმა. მძევლობიდან გათავსუფლებულებს თავდაპირველად ეგვიპტეში გადაიყვანენ, ხოლო პალესტინელებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
გარდა ამისა, ღაზის სექტორში ყოველდღიურად უნდა შევიდეს 200 ავტომანქანა ჰუმანიტარული ტვირთიით და 130 000 ლიტრი დიზელის საწვავი.
შეთანხმების თანახმად, 4-დღიანი ზავის პერიოდში ღაზის სექტორიდან უნდა გათავისუფლდეს 50 მძევალი ქალი და ბავშვი. ასევე, 150 პალესტინელი ქალი და არასრულწოვანი. ისინი ისრაელის საპატიმროებში სასჯელს იხდიან მასობრივ არეულობებში მონაწილეობის და ისრაელის მოქალაქეებზე ცივი იარაღით თავდასხმის ბრალდებებით.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა 22 ნოემბერს 6-საათიანი მწვავე განხილვის შედეგად, მხარი დაუჭირა ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავალი კატარია. პროცესში ჩართული არიან ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატებიც.
პრემიერ-მინისტრ ს ოფისმა 22 ნოემბერს განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ, რომელიც ვალდებულია სახლში დააბრუნოს ყველა მძევალი, დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის გეგმის პირველი ეტაპი. სულ მცირე 50 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება 4 დღის განმავლობაში და ამ პერიოდში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, დამატებით ყოველი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს პაუზის კიდევ ერთი დღით გაგრძელებას.
თავის მხრივ, „ჰამასმა“ შეთანხმების პუნქტებად დაასახელა ისრაელის საპატიმროებიდან ათეულობით პალესტინელი ქალის და არასრულწლოვანის გათავისუფლება და ღაზის სექტორში გაცილებით მეტი ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის შეტანა.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 14 000-ზე მეტი ადამიანი.
· დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
· ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
· „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.