ისრაელმა „ჰამასს“ ცეცხლის 2 თვით შეწყვეტა შესთავაზა. ამ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ორ ისრაელელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა მათ ვინაობას არ ასაჯაროებს. ისრაელის წინადადება მოიცავს ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას და მძევლების ცხედრების დაბრუნებას ისრაელში დაპატიმრებული პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ.
დღეს, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის 21 ჯარისკაცი დაიღუპა. ამ ინფორმაციას ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისი თქმით, აფეთქების მიზეზის დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს. მაშველები დანგრეული შენობებიდან დაშავებულების გამოსაყვანად რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.