ისრაელმა ღაზის სექტორამდე არ მიუშვა გრეტა თუნბერგის და სხვა აქტივისტების გემი

ისრაელის არმიის სამხედროებმა ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს მცირე ზომის გემი Madleen-ი, რომლითაც მოხალისეებს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდათ. ათზე მეტ აქტივისტს შორის იყო შვედი გარემოს დამცველი გრეტა თუნბერგი.
ს არმიის სამხედროებმა ეგვიპტიდან ღაზის სექტორისკენ მიმავალი გემის მგზავრები ნავში გადაიყვანეს და გეზი ისრაელის სანაპიროსკენ აიღეს.
9 ივნისს, გამთენიისას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალური ქსელით X გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახული არიან ნავში მსხდომი აქტივისტები სამაშველო ჟილეტებში.
მათ ისრაელის არმიის სამხედროები სენდვიჩებს და წყალს ურიგებენ. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომ „სელფი იახტის“ ყველა მგზავრი უსაფრთხოდაა და „შოუ დასრულებულია“.
პალესტინელი ხალხის მხარდამჭერი კოალიციის, „თავისუფლების ფლოტილიის“ გემი Madleen-ი 1 ივნისს, სიცილიიდან გავიდა. აქტივისტების განცხადებით, ისინი ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევას და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანას აპირებდნენ.
8 ივნისს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა არმიას დაავალა, არ დაუშვან ღაზამდე Madleen-ის ჩასვლა და გრეტა თუნბერგს და სხვა აქტივისტებს მიმართა, უკან დაბრუნებულიყვნენ. კაცმა თუნბერგს „ანტისემიტი“ უწოდა, თანამოაზრეებთან ერთად ჰამასის „პროპაგანდისტადაც“ მოიხსენია და გააფრთხილა, რომ ღაზის სექტორამდე ვერ მიაღწევდნენ.
თავის მხრივ, „თავისუფლების ფლოტილიამ“ ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადება შეაფასა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენების მუქარად და განაცხადა, რომ აქტივისტებს არ ეშინიათ და ვერანაირი „სიონისტური პროპაგანდით“ ვერ დაიმალება სიმართლე, რომ ისრაელი უხეში სამხედრო ძალით მიმართავს გენოციდის გამომწვევ ბლოკადას.
გემის დაკავების შემდეგ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მგზავრები თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან. მათ შორისაა ევროპარლამენტის დეპუტატი საფრანგეთიდან, წარმოშობით პალესტინელი რიმა ჰასანი, რომელსაც ისრაელში ჩასვლა აკრძალული აქვს.
9 ივნისს კოალიცია „თავისუფლების ფლოტილიამ“ განაცხადა, რომ Madleen-ზე მყოფი მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, ისრაელის არმიის სამხედროებმა გაიტაცეს. აქტივისტები თავიანთი ქვეყნების მთავრობებისგან რეაგირებას მოითხოვენ. კოალიციამ სოციალური ქსელებით გაავრცელა მოხალისეების, მათ შორის გრეტა თუნბერგის ვიდეომიმართვა.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გრეტა თუნბერგი და სხვები საზოგადოების ყურადღების მისაქცევად ცდილობდნენ „მედიაპროვოკაციის“ მოწყობას ერთ სატვირთო მანქანაზე ნაკლებ მოცულობის ჰუმანიტარული ტვირთით, მაშინ, როცა ბოლო ორ კვირაში ისრაელიდან ღაზაში ჩავიდა 1200-ზე მეტი სატვირთო ავტომანქანა ჰუმანიტარული დახმარებით და არსებობს ღაზის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის საშუალებები, რომლებიც არ მოიცავენ „ინსტაგრამზე სელფის“.
· 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
· თავდასხმის პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია და ბლოკადა, რასაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ