ისრაელმა ღაზაში სპეცოპერაციის შედეგად 4 გატაცებული გაათავისუფლა

ისრაელმა დღეს, 8 ივნისს, ცენტრალურ ღაზაში, ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გასული წლის ოქტომბერში, მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული ოთხი ადამიანი გაათავისუფლა.
გათავისუფლებულთა შორისაა 25 წლის ნოა არგამანი, ეს არის გოგო ცნობილი ვიდეოდან, რომელიც ს ჰამასზე თავდასხმის პირველივე საათებში გავრცელდა. ოთხი გათავისუფლებულიდან 3 ახალგაზრდა კაცია, მათგან ორი მუსიკალური ფესტივალის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.
ოფიციალური ცნობებით, სპეცოპერაციას ემსხვერპლა ერთი ისრაელელი სპეცრაზმელი.
ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, რომ ნუსეირათში დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან პალესტინელებში — დაღუპულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს. როგორც BBC წერს, ამ ცნობის წყარო მედიკოსები არ არიან.
ტელეარხი „ალ ჯაზირა“, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ ისრაელში მუშაობა აუკრძალა, ავრცელებს ჰამასის სამხედრო სპიკერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის სპეცოპერაციის შედეგად არაერთი ისრაელელი ტყვე დაიღუპა, ისრაელის ქმედებები კი ჯერ კიდევ ჰამასის ტყვეობაში მყოფი 120-მდე ისრაელელის ყოფას კიდევ უფრო გაართულებს.
ჰამასი ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს, ტერორისტებმა განურჩევლად დაიწყეს როგორც სამხედროების, ისე მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა, რასაც 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი გაიტაცეს. მათი ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი კი მოკლულია. 120-მდე ადამიანი ამ დრომდე რჩება ჰამასის ტყვეობაში.
ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაციას ღაზაში 40 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფაა — ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ სასმელ წყალზე, საკვებსა და საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის