ისრაელმა ღაზაში სპეცოპერაციის შედეგად 4 გატაცებული გაათავისუფლა

ისრაელმა დღეს, 8 ივნისს, ცენტრალურ ღაზაში, ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გასული წლის ოქტომბერში, მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული ოთხი ადამიანი გაათავისუფლა.
გათავისუფლებულთა შორისაა 25 წლის ნოა არგამანი, ეს არის გოგო ცნობილი ვიდეოდან, რომელიც ს ჰამასზე თავდასხმის პირველივე საათებში გავრცელდა. ოთხი გათავისუფლებულიდან 3 ახალგაზრდა კაცია, მათგან ორი მუსიკალური ფესტივალის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.
ოფიციალური ცნობებით, სპეცოპერაციას ემსხვერპლა ერთი ისრაელელი სპეცრაზმელი.
ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, რომ ნუსეირათში დღეს ჩატარებულ სპეცოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან პალესტინელებში — დაღუპულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს. როგორც BBC წერს, ამ ცნობის წყარო მედიკოსები არ არიან.
ტელეარხი „ალ ჯაზირა“, რომელსაც ს ხელისუფლებამ ისრაელში მუშაობა აუკრძალა, ავრცელებს ჰამასის სამხედრო სპიკერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისრაელის სპეცოპერაციის შედეგად არაერთი ისრაელელი ტყვე დაიღუპა, ისრაელის ქმედებები კი ჯერ კიდევ ჰამასის ტყვეობაში მყოფი 120-მდე ისრაელელის ყოფას კიდევ უფრო გაართულებს.
ჰამასი ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს, ტერორისტებმა განურჩევლად დაიწყეს როგორც სამხედროების, ისე მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა, რასაც 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 250-ზე მეტი კი გაიტაცეს. მათი ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი კი მოკლულია. 120-მდე ადამიანი ამ დრომდე რჩება ჰამასის ტყვეობაში.
ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაციას ღაზაში 40 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფაა — ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ სასმელ წყალზე, საკვებსა და საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე.