9 თებერვალს, ისრაელმა ღაზის სამხრეთ სასაზღვრო ქალაქ რაფაზე, ახალი საჰაერო იერიშები განახორციელა. თვითმხილველებმა და საავადმყოფოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ღამით მომხდარი თავდასხმის დროს, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
„ასოშეიტედ პრესი“ იუწყება, რომ თავდასხმის დროს რაფაში საცხოვრებელ შენობას და ცენტრალურ ქალაქ ზუვაიდაში სკოლის შენობას დაარტყეს.
დარტყმები მოხდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის მისამართით, აქამდე გამოთქმულთა შორის, ყველაზე მკვეთრი კრიტიკა გააჟღერა. წინასწარი მონაცემებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ “ჰამასის” თავდასხმის საპასუხოდ დაწყებულ ომში, ღაზის სექტორში 27 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
8 თებერვალს, თეთრ სახლში, ღაზის თაობაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე ბაიდენმა უპასუხა: „როგორც იცით, ღაზის სექტორში საპასუხო ქმედებების შესახებ ჩემი შეხედულებაა, რომ ის გადამეტებული იყო“.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ის „ძალიან ცდილობდა“ „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების გათავისუფლების სანაცვლოდ, ცეცხლი დროებით შეეწყვიტათ. მაგრამ, ერთი დღით ადრე, ოთხშაბათს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ზავის შეთავაზება უარყო და „ჰამასის“ სამშვიდობო წინადადებას “ბოდვა” უწოდა.
„ამ შეთანხმებაზე დაუღალავად ვმუშაობდი“, თქვა ბაიდენმა და დაამატა, რომ სჯერა, შესაძლებელია ამ შეთანხმების ამოქმედების შემთხვევაში, „ბრძოლაში ხანგრძლივი პაუზის“ მიღწევა შესაძლებელია.