ისრაელმა გაეროს ოფიციალურად აცნობა, რომ აუქმებს ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების და სამუშაოთა ორგანიზების სააგენტოსთან(UNRWA) თანამშრომლობას.
ისრაელის საგარეო უწყებამ ამის შესახებ ცნობა 4 ნოემბერს გაავრცელა.
ისრაელის პარლამენტმა ოქტომბერში მიიღო UNRWA-ს აკრძალვის ორი კანონი.
პირველის მიხედვით, დაუშვებელია სააგენტოს პირდაპირი თუ ირიბი საქმიანობა ისრაელში. მეორით უქმდება 1967 წელს ისრაელსა და UNRWA-ს შორის დადებული ხელშეკრულება და ისრაელის სამთავრობო უწყებებს აღარ ექნებათ ურთიერთობა UNRWA-თან და მის წარმომადგენლებთან.
გაეროსა და ისრაელის მოკავშირე ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში ისრაელის მიერ მიღებულ კანონებს შეშფოთება მოჰყვა, რადგან ამით კიდევ უფრო გაუარესდება ჰუმანიტარული სიტუაცია პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, სადაც ისრაელის ერთწლიანი ომის შედეგად მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა.
Reuters-ი განმარტავს, რომ სააგენტოს საქმიანობა ჯერ არ არის აკრძალული იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ღაზის სექტორში, მაგრამ ახალი კანონმდებლობა დიდ ზეგავლენას მოახდენს სააგენტოს საქმიანობაზე ამ რეგიონებშიც, რადგან ისრაელი აკონტროლებს გამშვებ პუნქტებსაც.