ისრაელის თავდაცვის არმიის გამანადგურებლებმა 19 ივნისს მორიგი შეტევა მიიტანეს ირანის დედაქალაქ თეირანსა და სხვა ქალაქებზე, მათ შორის არაქის იმ რაიონზე, სადაც ბირთვული რეაქტორი და მძიმე წყლის(დეიტერის ჟანგი) მწარმოებელი ქარხანაა.
მანამდე ისრაელის არმიამ სოციალური ქსელებით სპარსულ ენაზე გაავრცელა გაფრთხილება ამ რაიონის ცხოვრებთა ევაკუაციის საჭიროების შესახებ.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, არაქის ობიექტზე დარტყმას რადიაციული საფრთხე არ შეუქმნია, პერსონალის ევაკუაცია კი თავდასხმამდე განხორციელდა.
ირანის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა თელ-ავივსა და მის გარშემო მდებარე ქალაქებზე.
ბეერ-შევაში დაზიანებულია სამედიცინო ცენტრის შენობა. სახლები დაზიანდა ჰოლონსა და რამათ-განში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
· ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
· პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
· ორივე ქვეყანაში მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.
საომარი მოქმედებების დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 16 ივნისს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაღუპულია 224 ადამიანი და დაჭრილია 1481.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Activists-ის(ოფისი ვაშინგტონში) მიერ 18 ივნისს გავრცელებული მონაცემებით, 13 ივნისიდან ირანში დაიღუპა სულ მცირე 585 და დაიჭრა 1326 ადამიანი. ორგანიზაციის თანახმად, დაღუპულთაგან 239 სამოქალაქო პირი იყო.
ისრაელის მთავრობის მონაცემებით, 13-18 ივნისის პერიოდში ისრაელში დაიღუპა 24 და დაიჭრა 800-ზე მეტი ადამიანი.
ფორუმი
