ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ირანზე, სამიზნე კი მათი განცხადებით თეირანის ბირთვული პროგრამის შენობები, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.
ირანის სამთავრობო მედიის განცხადებით მოკლულია 6 მეცნიერი, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.
CNN-ის თანახმად, სარაკეტო შეტევაში ისრაელმა გამოიყენა 200 საბრძოლო თვითმფრინავი და მოწინააღმდეგის 100 სამიზნის მიმართულებით 330 სხვადასხვა ტიპის ბომბი ისროლა.
თავდასხმა განხორციელდა ურანის გამდიდრების ყველაზე დიდ ბაზაზე (ნატანზის) ირანში.
მოკლულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ირანელი სამხედრო მეთაური. მათ შორის გენერალი ჰოსეინ სალამი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი, ასევე გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაღერი ირანის ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ალი შამხანი.
თეირანმა საპასუხოდ დრონებით შეუტია ისრაელს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ ირანი ბალისტიკურ რაკეტებსაც გამოიყენებს. თავის მხრივ ისრაელი აცხადებს, რომ ეს არ ყოფილა ერთდღიანი ოპერაცია და შეტევას აგრძელებს.
ისრაელში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, დაიხურა სკოლები და სხვა სახის სამუშაოები.
