ისრაელმა ჰუსიტების თავდასხმების საპასუხოდ იემენში, საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში ტერორისტების სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.
“ბოლო თვეებში ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ასობით თავდასხმის საპასუხოდ ავიაგამანადგურებლებმა იემენში ჰოდეიდას პორტის მიმდებარედ ჰუსიტების ტერორისტული რეჟიმის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს”. – თქვეს IDF-ში.
როგორც ისრაელში ამბობენ, ჰოდეიდაზე მიტანილი იერიში ტერორისტებისთვის ირანული იარაღის მიწოდების შეფერხებასა და ჯგუფისთვის ფინანსური ზიანის მიყენებას ემსახურებოდა.
ისრაელის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ჰუსიტების მიერ კონტროლირებული ჰოდეიდას პორტი ირანიდან ტერორისტების იარაღით მომარაგებას ხმარდებოდა და ამიტომ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეა.
ავიაიერიშის სამიზნეს სხვა ობიექტებთან ერთად ნავთობის საცავები წარმოადგენდა.
ჰამას-ისრაელის ომის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელმა იემენზე იერიში მიიტანა.
მანამდე, 9 თვის განმავლობაში ჰუსიტები ისრაელს დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით თავს ესხმოდნენ.