ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე ტანკები შეიყვანა

ისრაელის ტანკები ათწლეულების შემდეგ პირველად, კვირას დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე შევიდა. პალესტინურმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი “საშიშ ესკალაციად” შეაფასა, მას შემდეგ, რაც ს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროები ტერიტორიაზე მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში დარჩებიან და ათობით ათასი პალესტინელი, ვინც იქიდან გაიქცა, უკან ვეღარ დაბრუნდება.
ქალაქში, რომელიც დიდი ხანია პალესტინელთა წინააღმდეგობის ცენტრად მიიჩნევა, ისრაელმა რამდენიმე ტანკი შეიყვანა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ჯარის მიზანი “ტერორიზმის აღკვეთისთვის ოპერაციების გაფართოებაა:”.
„ჩვენ არ დავუშვებთ მცხოვრებლების დაბრუნებას და ტერორიზმის გაგრძელების შესაძლებლობას“, – განაცხადა კაცმა.
მანამდე კაცმა აღნიშნა, რომ სამხედრო ძალებს უბრძანა “გრძელვადიანი ყოფნისთვის” მოემზადონ დასავლეთ სანაპიროს იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკების სიახლოვესაც, საიდანაც დაახლოებით 40 000 პალესტინელი გაიქცა, დასახლებები კი – ცარიელი დარჩა.
ტანკების შეყვანა დასავლეთ სანაპიროზე 2002 წლის შემდეგ პირველად ხდება. მაშინ ისრაელმა პალესტინური ჯანყის ჩასახშობად სამხედრო ოპერაცია ჩაატარა.
პალესტინელთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ეს ნაბიჯი “საშიშ ესკალაციად” შეაფასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ “ისრაელის უკანონო აგრესიის” შესაჩერებლად იმოქმედოს.
„თუნდაც ჯარები დარჩნენ, ჩვენ მაინც დავბრუნდებით. ეს ბანაკი ჩვენია, წასასვლელი სხვა ადგილი არ გვაქვს“, – განაცხადა ჯენინიდან დევნილმა მოჰამედ ალ-სადიმ.
მას შემდეგ, რაც ბრძოლები ღაზასა და ლიბანში დროებით შეჩერდა, ნეთანიაჰუ მმართველი ულტრამემარჯვენე კოალიციისგან ზეწოლის ქვეშაა. ის პრემიერისგან დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო მოქმედებების კიდევ უფრო გაძლიერებას მოითხოვს.
ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, აცხადებს, რომ შეერთებული შტატები “მუშაობს ზავის პირველი ფაზის გახანგრძლივებაზე” და რომ ის ოთხშაბათს რეგიონს მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ეწვევა.
თუმცა, დაჯგუფება “ჰამასის” ერთ-ერთმა ლიდერმა, მაჰმუდ მარდავიმ, კვირას განაცხადა, რომ ჯგუფი მედიატორებთან მოლაპარაკებებს არ გააგრძელებს, სანამ ისრაელი არ გაათავისუფლებს იმ 620 პალესტინელ პატიმარს, რომელთა გათავისუფლებაც შაბათს უნდა მომხდარიყო.
ისრაელმა კვირას განაცხადა, რომ ის აპირებს პატიმრების გათავისუფლების გადადებას მანამ, სანამ არ მიიღებს გარანტიას, რომ “ჰამასი შეწყვეტს” იმ პროცესს, რასაც ისრაელი “მძევლების დამამცირებელ” გადაცემად მიიჩნევს. ამ პროცესს შეერთებული შტატები და “წითელი ჯვარი” სასტიკ ქმედებად აფასებენ.
თეთრი სახლი მხარს უჭერს ისრაელის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს პალესტინელთა გათავისუფლება. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა, განაცხადა, რომ “ისრაელის გადაწყვეტილება პატიმრების გათავისუფლების გადადების შესახებ სწორი და სამართლიანია”.
ბრაიან ჰიუზმა, კვირას განაცხადა: “მძევლების მიმართ “ჰამასის” ბარბაროსული ქმედებების გათვალისწინებით, მათ შორის ბიბასის ბავშვების კუბოების ღაზის ქუჩებში გამოფენის შემდეგ, ისრაელის გადაწყვეტილება პატიმრების გათავისუფლების გადადების შესახებ სწორი და შესაბამისი რეაქციაა.“
1990-იანი წლების სამშვიდობო შეთანხმებების ფარგლებში, ისრაელი ინარჩუნებს კონტროლს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის მნიშვნელოვან ნაწილზე, ხოლო პალესტინელთა ავტონომია მართავს დანარჩენ ტერიტორიებს. ისრაელი რეგულარულად ახორციელებს სამხედრო რეიდებს პალესტინურ ზონებში, თუმცა, როგორც წესი, მისი ჯარები ოპერაციების დასრულების შემდეგ უკან იხევენ.
გასული წლის 7 ოქტომბერს “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ ისრაელმა მას ომი გამოუცხადა და სამხედრო ოპერაციაც დაიწყო. შედეგად, დასავლეთ ნაპირზე 800-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ისრაელი აცხადებს, რომ უმეტესობა მებრძოლები იყვნენ, თუმცა ადგილობრივების ცნობით, მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და ახალგაზრდა დემონსტრანტებიც, რომლებიც ისრაელის რეიდებს აპროტესტებდნენ, ერთ-ერთ ბოლო ოპერაციის დროს ორსული პალესტინელი ქალიც დაიღუპა.
ამასთან, ებრაელი მოსახლეები ხშირად ესხმიან თავს პალესტინურ სოფლებს და ბოლო თვეებში პალესტინური თავდასხმებიც გახშირდა. გასულ ხუთშაბათს, ისრაელში სამი ცარიელი ავტობუსი აფეთქდა, რაც სამართალდამცავებმა სავარაუდო ტერორისტულ აქტად შეაფასეს.
ისრაელმა 1967 წლის ომის შედეგად დასავლეთ ნაპირი, ღაზის სექტორი და აღმოსავლეთ იერუსალიმი დაიკავა. პალესტინელები ამ სამ ტერიტორიას თავიანთი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევენ.
ისრაელის სამხედრო ოპერაციების გაფართოება დასავლეთ სანაპიროზე და ტანკების შეყვანა კიდევ უფრო ამწვავებს რეგიონში ისედაც რთულ მდგომარეობას. პალესტინური მხარე ამ ნაბიჯს „აგრესიად“ აფასებს, ხოლო ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.