ისრაელმა დაასახელა რაფაჰზე ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყების სავარაუდო დრო

ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციას გააფართოებს, თუ ჰამასი რამადანის დაწყებამდე არ გაათავისუფლებს დან გატაცებულ ყველა მძევალს. ამის შესახებ 18 თებერვალს განაცხადა ისრაელის სამხედრო კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა, რომელიც იერუსალიმში შეხვდა -ში მოქმედი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
მუსლიმთათვის წმინდა თვე რამადანი 10 მარტს იწყება. ეგვიპტესთან მოსაზღვრე ქალაქ რაფაჰს თავს აფარებს საომარი მოქმედებების გამო ღაზის სექტორის სხვადასხვა რაიონიდან გაქცეული 1,5 მილიონამდე პალესტინელი.
ღაზის სექტორში ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე რაფაჰის წინააღმდეგ ისრაელის არმიის შესაძლო ფართომასშტაბიანი ოპერაციის დაწყება საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის ისრაელის მოკავშირე აშშ ისრაელზე ზეწოლას ცდილობს, რათა არ დაუშვას რაფაჰზე შტურმი.
ბენი განცის განცხადებით, მსოფლიომ და ჰამასის ლიდერებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ რამადანის დაწყებისთვის მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან, საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება რაფაჰის რაიონშიც.
განცის თანახმად, ისრაელი ამას გააკეთებს ამერიკელ და ეგვიპტელ პარტნიორებთან კოორდინაციით, რათა ხელი შეუწყოს სამოქალაქო პირების ევაკუაციას და მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანას.
ისრაელმა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.
ისრაელის მონცემებით, ჰამასის თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 1200 ადამიანის სიცოცხლე და მძევლობაში აღმოჩნდა 250-ზე მეტი. მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს. ისრაელის თანახმად, ღაზის სექტორში რჩება 130-მდე მძევალი.
ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 28 000-ზე მეტი პალესტინელი.
ისრაელი, აშშ, ევროკავშირის სახელმწიფოები და რამდენიმე სხვა ქვეყანა ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.