ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს „გრეტა თუნბერგის ფლოტილიის“ გემები, რომლებიც ღაზის სექტორის სანაპიროს უახლოვდებოდნენ.
დაკავებული არიან აქტივისტებიც, მათ შორის შვედი გრეტა თუნბერგი.
„ფლოტილია“ თვეებია უშედეგოდ ცდილობს ისრაელის საზღვაო ბლოკადის გარღვევას და მცირე ზომის გემებით ღაზის სექტორში ჰიმანიტარული ტვირთის ჩატანას. ისრაელის მთავრობა ამას პიარ-აქციას უწოდებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ოქტომბერს, ღამით განაცხადა, რომ საზღვაო ძალების სამხედროებმა გემები ჯერ გააფრთხილეს, რომ საბრძოლო მოქმედებების ზონას უახლოვდებიან და კურსის შეცვლა მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი რამდენიმე გემი გააჩერეს, ბორტზე ავიდნენ, აქტივისტები დააკავეს და აშდოდის პორტში გადაიყვანეს. მათ ისრაელის ტერიტორიას დაატოვებინებენ.
„გლობალური ფლოტილია“ ღაზის სექტორისკენ მიმავალი 15-ზე მეტი გემის დაკავების შესახებ იუწყება და ისრაელის არმიის ქმედებას უკანონოს და „სასოწარკვეთის თავხედურ აქტს“ უწოდებს.
ისრაელის განცხადებით, ღაზის საზღვაო ბლოკადის გარღვევისა და მცირე ზომის გემებით სურსათის ჩატანის მცდელობა „პუბლიკაზე გათვლილი თამაშია”, ამიტომ აქტივისტებს შესთავაზეს ისრაელის პორტში ტვირთის გადატანა და შემდეგ სახმელეთო გზით გაგზავნა, რაზეც უარი მიიღეს. ისრაელის მთავრობის თანახმად, გემების დაკავების შემდეგ გრეტა თუნბერგი და მისი მეგობრები ჯანმრთელად არიან.
ფლოტილიის ორგანიზატორების თანახმად, დაკავებული გემები ღაზის სექტორის სანაპიროდან 126 კილომეტრში იმყოფებოდნენ და ადგილამდე მისვლას 2 ოქტომბრისთვის ვარაუდობდნენ.
ისრაელმა 2025 წლის ივნისსა და ივლისშიც აღკვეთა პალესტინელი ხალხის მხარდამჭერი აქტივისტების მცდელობები, გაერღვიათ საზღვაო ბლოკადა და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაეტანათ. დაკავების შემდეგ გრეტა თუნბერგისა და სხვა აქტივისტების დეპორტაცია განხორციელდა.
შვედი აქტივისტი გრეტა თუნბერგი ახლა 22 წლისაა. მან ბავშვობიდან სახელი გაითქვა, როგორც გარემოს დამცველმა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. ბოლო ხანს თუნბერგი აქტიურად გადაერთო ღაზის სექტორში ისრაელის მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ის უარყოფს ისრაელის ბრალდებას, რომ ფლოტილიის მიზანი პიარი და „პუბლიკაზე თამაშია”.
· პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, ისრაელის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
· მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ჰამასის ტყვეობაში დარჩა 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
· ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 64 ათასზე მეტი ადამიანი.
სექტემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივი პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ღაზის სექტორში ომის დასრულების გეგმა და განაცხადა, რომ მას მხარს უჭერენ აშშ, ისრაელი და არაერთი სხვა ქვეყანა და მხოლოდ ჰამასის თანხმობაა საჭირო.
სააგენტო AFP ჰამასთან დაახლოებულ პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის გეგმამ დაჯგუფების შიგნით განხეთქილება გამოიწვია.
სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა ჰამასის პასუხს ელოდება, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის ჯარებმა თითქმის სრულად შემოარტყეს ალყა ქალაქ ღაზას.
ისრაელის თავდაცვის არმიამ სექტემბერში დაიწყო სახმელეთო ოპერაცია ქალაქ ღაზაზე სრული კონტროლის დასამყარებლად.
ფორუმი
