ისრაელმა დაადასტურა კიდევ 4 მძევლის სიკვდილი

ისრაელის არმიამ ოფიციალურად დაადასტურა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, ს, -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის მძევლობაში მყოფი კიდევ 4 ადამიანის სიკვდილი.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ 3 ივნისს, ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხაიმ პერი, იორამ მეცგერი, ამირამ კუპერი და ნადავ პოპლევერი რამდენიმე თვის წინ მოკლეს და მათი ცხედრები ამ დრომდე ტყვეობაშია. ასაკით ყველაზე უფროსი ხაიმ პერი 84 წლის იყო, ყველაზე ახალგაზრდა ნადავ პოპლეველი – 51 წლის.
ისრაელმა 4 მოქალაქის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა დაზვერვის მონაცემების და ჯანდაცვის სამინისტროს საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
ჰამასის წევრებმა ოთხივე მამაკაცი ისრაელიდან 2023 წლის 7 ოქტომბერს გაიტაცეს კიდევ 240-ზე მეტ ადამიანთან ერთად. იმავე წლის დეკემბერში ჰამასმა გაავრცელა პერის, კუპერის და მეცგერის ვიდეო, 2024 წლის მარტში კი გამოაცხადა, რომ ისინი ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვისას დაიღუპნენ. ისრაელის არმიის სპიკერ დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, მძევლების სიკვდილის გარემოებები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
· 2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ.
· ისრაელის მონაცემებით, 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250-ზე მეტი კი ჰამასის მძევლობაში აღმოჩნდა.
· ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო.
· 2023 წელს, დროებითი ზავის პერიოდში ჰამასის მძევლობიდან გაათავისუფლეს 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მთავრობის მონაცემებით, ტყვეობაში რჩება 120-ზე მეტი. მათგან 41 დაღუპულადაა მიჩნეული.
· ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების შედეგად 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით დაიღუპა 36 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა – მინდა, ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული