ბოლო 48 საათის განმავლობაში ისრაელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვას ითხოვდა, რათა გაენადგურებინათ მისი ბირთვული პროგრამა – ამის შესახებ გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„ისრაელის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა Axios-ს განუცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია შეუერთდეს ოპერაციას და რომ პრეზიდენტმა ტრამპმა, საჭიროების შემთხვევაში, ასეთი შესაძლებლობა პირადად შესთავაზა პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს“, – ნათქვამია სტატიაში.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა პარასკევს უარყო აღნიშნული ინფორმაცია, ხოლო შაბათს მეორე ამერიკელმა, ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ისრაელი მართლაც მოითხოვდა აშშ-ის ჩართვას ომში, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ადმინისტრაცია ამ შესაძლებლობას არ განიხილავს.
ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა: „ის, რაც დღეს ხდება, თავიდან ასარიდებელი აღარ იყო“. თუმცა, მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს შანსი მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევისა, თუ ირანი ამისთვის მზად იქნება. „ირანისთვის მშვიდობის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა არის უარი თქვას საკუთარ ბირთვულ პროგრამაზე“, – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ისრაელს არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის ბომბები ბუნკერების გასანადგურებლად და დიდი ბომბდამშენები, რომლებიც აუცილებელია ირანის გამდიდრების ფორდოუს ქარხნის დასაზიანებლად – ეს ობიექტი მთებშია განლაგებული და სიღრმეშია ჩაშენებული.
ამავე დროს, თუ ფორდოუს ქარხანა ოპერაციის შემდეგ მუშა მდგომარეობაში დარჩება, ისრაელი ვერ მიაღწევს თავის მთავარ მიზანს – ირანის ბირთვული პროგრამის ლიკვიდაციას.
გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ფორდოუს განადგურებაში აშშ-ის შესაძლო მონაწილეობის საკითხი არაერთხელ დააყენეს ოპერაციის დაწყებიდანვე. ისრაელის წყაროს ცნობით, აშშ ამ თხოვნას განიხილავს და ისრაელი იმედოვნებს, რომ ტრამპი თანხმობას განაცხადებს.
