ისრაელი ჰამასის ტყვეობაში მყოფი 50 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებაზე თანახმაა. მძევლების შეთანხმების უახლესი ვერსიის მიხედვით, ჰამასის მიერ პირველი მძევლის გათავისუფლებიდან აითვლება ცეცხლის შეწყვეტის 10 დღე. გავრცელებული ინფორმაციით, ტყვეების დაბრუნება ოთხ ეტაპად მოხდება და თავდაპირველად 10 მძევალი გათავისუფლდება.
ისრაელმა ასევე წარმოადგინა 300 პატიმრის სია, რომელსაც 100 მძევლის დაბრუნების სანაცვლოდ გაათავისუფლებს. ისრაელის მიერ წარმოდგენილი 300 პალესტინელი პატიმრის სიაში 287 თინეიჯერია, რომლებიც სხვადასხვა დროს დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში დააკავეს. დარჩენილი 13 პალესტინელი პატიმარი ზრდასრული ქალები არიან, რომლებიც ძირითადად ცივი იარაღით ტერორისტული თავდასხმების ბრალდებით არიან დაკავებულები.
პატიმრების სია საჯაროდ გამოქვეყნდა და ისრაელის მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ კონკრეტული პატიმრების გათავისუფლების ბრძანების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება.
ტყვეების გაცვლის შესაძლო სქემის მიხედვით, ჰამასის მიერ 50 მძევალის, 30 ბავშვისა და 20 ქალის, გათავისუფლებისთანავე ისრაელი 150 პალესტინელ პატიმარს გამოუშვებს, ხოლო დანარჩენ 150-ს ტყვეების შემდეგი გათავისუფლებისას.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.
აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.
ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.
22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.
28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო. სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, ნოემბერში IDF-ის ძალები ქალაქ ღაზაში შევიდნენ. ღაზის სექტორი ჯერჯერობით შუაზეა გაყოფილი. 16 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქალაქის დასავლეთ ნაწილი სრულად დაიკავეს და ომის ახალი ფაზა დაიწყო.