ისრაელი-“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 61 ჟურნალისტი დაიღუპა | CPJ

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, -“ჰამასის” ომის შედეგად, სულ მცირე, 61 ჟურნალისტი დაიღუპა. მათ შორის, 54 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 3 ლიბანელი იყო. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 11 ჟურნალისტი, 3 დაკარგულად მიიჩნევა, 19 კი დაკავებულია.
კომიტეტი იძიებს მედიის წარმომადგენელთა დაკავებისა და მუქარის შემთხვევებსაც. ასევე, დაუდასტურებელ ცნობებს მედიის ოფისებსა და ჟურნალისტების სახლების დაზიანების შესახებ.
“CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც კრიზისის დროს მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და სამიზნე არ უნდა გახდნენ,” – განაცხადა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 240-მდე პირი კი “ჰამასმა” მძევლად აიყვანა. ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით კი, ღაზაში 14 800-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მათ შორის, დაახლოებით 6 000 ბავშვი.