ისრაელი – „ჰამასთან“ ომს 600 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა

მოძრაობის „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 600 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ ს თავდაცვის ძალებმა დღეს განაცხადა.
ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ისრაელელი ჯარისკაცი, 20 წლის ნადავა კოენი დაიღუპა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოში ორკვირიანი ოპერაცია დაასრულა და ჯარები გაიყვანა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ოპერაციის ფარგლებში 200-მდე ბოევიკის ლიკვიდაცია განახორციელეს და იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა და ღაზაში წაიყვანა 250-მდე ადამიანი. ამის შემდეგ ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზის სექტორში 32 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.