ისრაელის ძალებმა 5 დეკემბერს შეუტიეს ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე მთავარ ქალაქ ხან-იუნისს. ადგილობრივი წყაროების მიხედვით, რომელთა გადამოწმებაც ვერ ხერხდება, ათობით პალესტინელი დაიღუპა და დაიჭრა.
ეს პირველი მსხვილი სახმელეთო იერიშია, რომელიც ისრაელმა გასულ კვირას, ზავის შეწყვეტის შემდეგ განახორციელა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ისრაელის ტანკები ხან-იუნისში აღმოსავლეთიდან შევიდნენ და შემდეგ დასავლეთისკენ დაწინაურდნენ. მათი მონათხრობის მიხედვით, ისრაელის შენაერთების ნაწილმა დაიკავა პოზიციები ყატარის მიერ დაფინანსებული სამოსახლო უბნის კიდემდე, რომელიც ჰამად-სითის სახელით არის ცნობილი.
ისრაელის შეტევას რამდენიმე დღის განმავლობაში, წინ უძღოდა მოსახლეობის გაფრთხილება, თავშესაფრებში ჩასულიყვნენ. დღეს კი, 5 დეკემბერს, მათ გაავრცელეს პროკლამაციები, მოწოდებით, იერიშის დროს თავშესაფრებიდან არ გამოსულიყვნენ.
“უახლოეს საათებში ისრაელის თავდაცვის ძალები დაიწყებს ინტენსიურ შეტევას თქვენს საცხოვრებელ რაიონზე, რათა გაანადგუროს ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასი””, ეწერა გაფრთხილების ტექსტში, რომელიც ისრაელმა ქალაქ ხან-იუნისში მასიურად გაავრცელა. “ჯერ არ გადახვიდეთ გარეთ. თქვენი უსაფრთხოებისთვის დარჩით თავშესაფრებში და საავადმყოფოებში, სადაც იმყოფებით. არ გამოხვიდეთ. გარეთ გასვლა საშიშია. თქვენ გაფრთხილებული ხართ” – ნათქვამი იყო ისრაელის განცხადებაში.
ისრაელმა ღაზის სექტორს “ჰამასის” თავდასხმის პასუხად შეუტია. 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელში სულ ცოტა, 1 200 ადამიანი შეეწირა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად კი, ადგილობრივი “ჰამასის” კონტროლირებადი ხელისუფლების მონაცემებით, 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს “ჰამასი” ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.