ისრაელი პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მზად არის გააგრძელოს მოქმედი ზავი, თუმცა, როგორც კი ის დასრულდება, ისრაელი სახმელეთო ოპერაციას სრული ძალით დაუბრუნდება.
“შეთანხმების დასრულების შემდეგ კი ჩვენ დავბრუნდებით სრული ძალებით, რათა განვახორციელოთ ჩვენი მიზნები: გავანადგუროთ ჰამასი, უზრუნველვყოთ, რომ ღაზა არ დაუბრუნდეს იმას, რაც იყო და რა თქმა უნდა, გავათავისუფლოთ ყველა მძევალი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს”. – თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმინისტრმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მოქმედი ოთხდღიანი ზავი შესაძლოა, გაგრძელდეს, რათა უფრო მეტი მძევლის გათავისუფლება მოხერხდეს. როგორც ნეთანიაჰუმ ბაიდენთან საუბრისას აღნიშნა, ისრაელი მიესალმება ზავის გაგრძელებას იმ პირობით თუ ჰამასი ზავის ყოველ დამატებით დღეს 10 მძევალს გაათავისუფლებს.
“ჩვენ სახლში დავაბრუნეთ მძევლების მორიგი ჯგუფი, ბავშვები და ქალები. მე აღფრთოვანებული ვარ მთელი ერით, როდესაც ვხედავთ გაერთიანებულ ოჯახებს”. – თქვა ნეთანიაჰუმ.