ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშებს აგრძელებს

ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებს ორშაბათს მორიგი დარტყმები მიაყენა. ტელეარხ „ალ ჯაზირას“ ცნობით, ორშაბათს, ნუსეირატში ს იერიშებს 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 5 ბავშვი. აღნიშნულ ტელეარხს ისრაელში მუშაობა აეკრძალა მას შემდეგ, რაც ის ისრაელის ხელისუფლებამ დაადანაშაულა ჰამასის მხარდამჭერ გაშუქებაში.
ისრაელის ბოლოდროინდელი გახშირებული შეტევის გაცხადებული მიზანი ჰამასზე ზეწოლის გაძლიერებაა შაბათ-კვირის შეტევების შემდეგ, როდესაც ისრაელის თქმით, ჰამასის ლიდერები იყვნენ მიზანში ამოღებულები. თუმცა, შაბათის იერიშს თავშესაფრის მაძიებელ მშვიდობიან პალესტინელებში მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა. პალესტინური მხარის ცნობით, მხოლოდ შაბათს დაიღუპა 90 ადამიანი, 300 კი მძიმედ დაშავდა.
სააგენტო როიტერსის ცნობით, შაბათს დაბომბილი ტერიტორია ისრაელს ჰუმანიტარულ ზონად ჰქონდა გამოცხადებული, ახლა კი ეს ტერიტორია სავსეა დამწვარი მანქანებით, დანგრეული სახლებითა და დაბომბვას გადარჩენილი, თუმცა დასახიჩრებული პალესტინელებით.
ისრაელის სამხედრო ძალების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ შაბათს „ღია სივრცე“ დაბომბეს, სადაც „მოქალაქეები არ იყვნენ“, მათი სამიზნე კი მხოლოდ და მხოლოდ ჰამასის სამხედრო ლიდერი, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის მთავარი დამგეგმავი, მოჰამედ დეიფი იყო.
უფრო სამხრეთით, რაფაჰში, რომელიც ისრაელის იერიშების მთავარი სამიზნეა მაისიდან, ადგილობრივები იუწყებიან, რომ შეტევები ორშაბათს განახლდა. მათი თქმით, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში რამდენიმე სახლი ააფეთქეს. ექიმების თქმით, ქალაქის აღმოსავლეთში 10 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
განხორციელდა ასევე საჰაერო და სატანკო თავდასხმები ღაზის ცენტრალურ ნაწილებში, მათ შორის, ალ-ბურეიჯისა და ალ-მაღაზის ლტოლვილთა ისტორიულ ბანაკებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!