ისრაელი ღაზიდან საკუთარი ძალების ნაწილის გაყვანაზე საუბრობს

პირველ იანვარს, ისრაელმა განაცხადა, რომ არმიის ნაწილი ღაზის სექტორიდან გაჰყავს. ამის მიზეზად ჯარისკაცების შემდგომი წვრთნა და მათი დასვენების საჭიროება სახელდება. ს თავდაცვის ძალების განცხადებით, ეს “ჰამასის” წინააღმდეგ მიმდინარე ომისთვის არის აუცილებელი, რომელიც შემდგომი თვეების განმავლობაში გაგრძელდება.
არმიის პრესსპიკერმა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზოგიერთი რეზერვისტი ამ კვირაში ისრაელში დაბრუნდება. ”ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ტვირთს ეკონომიკაზე და საშუალებას მისცემს მათ მოიკრიბონ ძალა შემდგომი აქტივობისთვის მომავალ წელს, რადგან ბრძოლები გაგრძელდება და ისინი კვლავ საჭირონი იქნებიან”, – თქვა ჰაგარიმ.
ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებები ორივე მხრიდან გრძელდება. “ჰამასმა” ისრაელის ძალებს დღეს რაკეტები დაუშინა. ისრაელიც აგრძელებს “ჰამასის” განადგურების მიზნით დაწყებულ სამხედრო ოპერაციას სექტორში, როგორც საჰაერო იერიშების, ისე სახმელეთო ძალების გამოყენებით.
კონფლიქტი ღაზის სექტორის მიღმაც გავრცელდა. ირანის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლებმა გაზარდეს იერიშები გემებზე წითელ ზღვაში. გახშირდა თავდასხმა ამერიკის ჯარებზე ერაყსა და სირიაშიც, რაც მკვეთრად აღრმავებს დაძაბულობას მთელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
ისრაელმა ომი ღაზის სექტორში “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი იერიშის პასუხად დაიწყო. თავდასხმას ისრაელში 1 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. დაახლოებით 240 ადამიანი კი მძევლად აიყვანეს.
ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ მიტანილი საპასუხო იერიშების შედეგად, “ჰამასის” მიერ კონტროლირებული ხელისუფლების მონაცემებით, 21 000-ზე ადამიანი დაიღუპა. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს “ჰამასი” ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.
მასალა ნაწილობრივ ეყრდნობა შემდეგ საინფორმაციო სააგენტოთა ცნობებს: “როიტერი” ,”ასოშეიტიდ პრესი” და “ფრანს-პრესი”.