ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრაიმ, სამხრეთ ღაზას რაიონებში, ხან იუნისში, ბანი სუჰეილასა და აბასანში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოახდინონ ევაკუაცია უპრეცედენტო თავდასხმის წინ, რომლის სამიზნეც, მისი თქმით, „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაა.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ამ ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციების შესაძლებლობების გასანადგურებლად უპრეცედენტო თავდასხმას განახორციელებენ. დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ ევაკუაცია დასავლეთით, მავასის ტერიტორიაზე. ამ მომენტიდან ხან იუნისის პროვინცია საშიშ საბრძოლო ზონად ჩაითვლება. ტერორისტულმა ორგანიზაციებმა კატასტროფა მოგიტანეს. თქვენი უსაფრთხოებისთვის, დაუყოვნებლივ მოახდინეთ ევაკუაცია“, – დაწერა პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ ევაკუაციის გაფრთხილება ღაზას ცენტრალური ტერიტორიისთვის გასცეს. ისრაელი ღაზაში გაფართოებულ შეტევას აგრძელებს, რასაც თან ახლავს დაბომბვის ოპერაციაც.
