ისრაელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმების ადრეული გაფრთხილების სისტემების მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა, გილად ერდანმა ისაუბრა.
“ისრაელი მუშაობს იმაზე, რომ უკრაინას სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემები მიაწოდოს”. – აღნიშნა ერდანმა.
ერდანის თქმით, ისრაელი მოხარულია, რომ თავის სამხედრო პოტენციალს “უკრაინელ მეგობრებს” უზიარებს.
ამასთან, ელჩის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების პირველ დღეებში ისრაელმა უკრაინას 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული აღჭურვილობა გაუგზავნა.
“გარდა ამისა, ასობით უკრაინელმა მკურნალობა ისრაელის საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში გაიარა”. – თქვა ერდანმა.
ამავდროულად, ერდანმა აღნიშნა, რომ ირანი რუსეთს აწვდის დრონებს, რომელსაც მოსკოვი უკრაინასთან ომში იყენებს.