ისრაელი სამხრეთ ლიბანში “მძიმე ბრძოლაზე” იუწყება

ისრაელი აცხადებს, რომ მისი ძალები “მძიმე ბრძოლას” აწარმოებენ ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლასთან მას მერე, რაც ისრაელმა 1 ოქტომბერს, დილით, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო სამხრეთ ლიბანში, მიუხედავად შეერთებული შტატების წინააღმდეგობისა და საერთაშორისო შეშფოთებისა კონფლიქტის კიდევ უფრო გაფართოებაზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით.
“სამხრეთ ლიბანში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, – ტელეგრამით არაბულ ენაზე გამოქვეყნებულ ტექსტში ამბობს ს არმიის პრესმდივანი ავიშაი ანდრაე, – თქვენი პირადი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, მანქანებით არ გადაადგილდეთ ჩრდილოეთიდან სამხრეთში, მდინარე ლიტანის არეალებისკენ”.
მანამდე ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ დაიწყო “მიზანმიმართული და ზუსტი” სახმელეთო ოპერაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ. არმიის განცხადებით, ოპერაციაში ჩართულია ელიტური 98-ე დანაყოფი, რომელიც ახლახან ღაზიდან ჩრდილოეთით გადაიყვანეს და ჰეზბოლას ობიექტებს ამოიღებს მიზანში.
ჰეზბოლა არის გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტია, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი “შავ სიაში”. ორგანიზაციის ლიდერი ჰასან ნასრალა ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად 27 სექტემბერს მოკლეს.