ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა ფრანგ კოლეგას, ჟან-ნოელ ბაროს მოუწოდა, უარი თქვას პალესტინის აღიარებაზე და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელში სასურველი სტუმარი არ იქნება, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემა გიდეო საარის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატელეფონო საუბრისას გიდეონ საარმა ჟან-ნოელ ბაროს, მოუწოდა „გადახედოს საფრანგეთის ინიციატივას „პალესტინის სახელმწიფოს“ აღიარების შესახებ და განაცხადა, რომ საფრანგეთის ინიციატივა ძირს უთხრის სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში და ზიანს აყენებს ისრაელის ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს“.
„ისრაელი საფრანგეთთან კარგ ურთიერთობებს ცდილობს, მაგრამ საფრანგეთმა პატივი უნდა სცეს ისრაელის პოზიციას, როდესაც საქმე მისი უსაფრთხოებისა და მომავლისთვის აუცილებელ საკითხებს ეხება“, – განაცხადა საარმა საუბრის დროს.
მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ისრაელში ნებისმიერი ვიზიტი უადგილო იქნება მანამ, სანამ საფრანგეთი „გააგრძელებს თავის ინიციატივებსა და ძალისხმევას, რომელიც ისრაელის ინტერესებს აზიანებს“.
