ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰამას-ისრაელის ომის დამთავრების შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას უარყოფს და პირობა დადო, რომ ამ საკითხზე აშშ-ს წინააღმდეგობას გაუწევს.
“ნებისმიერ სამომავლო მოწყობაში, შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, ისრაელს სჭირდება, რომ უსაფრთხოებაზე კონტროლი იორდანიის დასავლეთით არსებულ მთელ ტერიტორიაზე დაამყაროს”. – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
მისი თქმით, აღნიშნული პოზიცია ამერიკულ მხარეს უკვე გაუზიარა. “პრემიერმინისტრს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, უარი უთხრას თავის მეგობრებს”. – თქვა მან.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მოქალაქეების უმრავლესობა პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება. მან ასევე განაცხადა, რომ ისრაელი შეტევის გაგრძელებას მანამდე აპირებს, სანამ ჰამასზე “სრულ გამარჯვებას” არ მოიპოვებს.
საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე თქვა, რომ რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრა ღაზაში პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე ვერ მოხერხდება.
ამ მხრივ, აშშ-სა და ისრაელს შორის ღაზის სექტორში ომის დამთავრების შემდეგ პოლიტიკურ მოწყობასთან დაკავშირებით არსებულ წარმოდგენებზე სხვაობა იკვეთება. აშშ-ს პოზიციით, აუცილებელია, საკითხი “ორი სახელმწიფოს პრინციპით” გადაიჭრას. ეს პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას გულისხმობს, რასაც ბენიამინ ნეთანიაჰუ არ ეთანხმება.