ისრაელი მსოფლიოს მასშტაბით საელჩოების მუშაობას დროებით აჩერებს

ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ისრაელმა დროებით შეწყვიტა საელჩოების მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც საქართველოში ს საელჩოს ვებ-გვერდზე წერია, საკონსულო მომსახურება აღარ არის ხელმისაწვდომი.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, შეავსონ სპეციალური ონლაინ ფორმა, რათა საჭიროების შემთხვევაში მათთან კონტაქტი შესაძლებელი იყოს.
ისრაელის გავრცელდა უსაფრთხოების მკაცრი რეკომენდაციებიც, რაც სოციალური ქსელებით ადგილმდებარეობის გაზიარებისგან თავის შეკავებას და მასშტაბური შეკრებების თავიდან აცილებას გულისხმობს.
“საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს.
უსაფრთხოების ზოგადი რეკომენდაციები:
· არ გამოიყენოთ ებრაული სიმბოლოები საჯაროდ.
· არ გაასაჯაროვეთ ლოკაცია სოციალურ მედიაში.
· მოერიდეთ მასშტაბურ შეკრებებს.
· იმოქმედეთ ადგილობრივი უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობით”, – წერია საელჩოს ვებ-გვერდზე.
“ბოლოდროინდელ მოვლენებში” ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული დაძაბულობა იგულისხმება, რაც ისრაელის მიერ ოპერაცია “Rising Lion”-ის დაწყებას უკავშირდება. ოპერაცია მიზნად ისახავს ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საფრთხეების შეჩერებას. სიტუაციის გამწვავების ფონზე, ისრაელმა გლობალურად გააძლიერა დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოება და დროებით შეაჩერა მათი ფუნქციონირება.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ირანზე, სამიზნე კი, მათი განცხადებით, თეირანის ბირთვული პროგრამის შენობები, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ.
ირანის სამთავრობო მედიის განცხადებით, მოკლულია 6 მეცნიერი, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.
CNN-ის თანახმად, სარაკეტო შეტევაში ისრაელმა გამოიყენა 200 საბრძოლო თვითმფრინავი და მოწინააღმდეგის 100 სამიზნის მიმართულებით 330 სხვადასხვა ტიპის ბომბი ისროლა.