გამოცემა Times of Israel-მა კვირას გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელმა კაიროში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ უარი თქვა, მათთვის ცოცხლად დარჩენილი მძევლების სია მიეწოდებინა.
Times of Israel-თან ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მათ მოთხოვნაზე ჰამასის უარის გამო ისრაელი კაიროში მოლაპარაკებისთვის გუნდს არ გაგზავნის. ხოლო გამოცემა Channel 12-ის ცნობით, ისრაელის სამხედრო კაბინეტი შეთანხმდა, რომ ჰამასის პასუხის ფონზე ეგვიპტეში დელეგაციის გაგზავნას აზრი არ ჰქონდა.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში იმედოვნებდნენ, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის შეთანხმება ორშაბათამდე დაიდებოდა. ბაიდენმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა იმ პროგრესზე, რომელიც ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებში მიაღწიეს.
“როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მატყობინებს, ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. იმედი მაქვს, რომ ორშაბათამდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგება” – თქვა ჯო ბაიდენმა 27 თებერვალს.
ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესში პროგრესი შეიმჩნეოდა. მილერის ცნობით, მოლაპარაკებებში კონფლიქტის მხარეებთან ერთად აშშ, ეგვიპტე და კატარიც იყვნენ ჩართულები.